ნიკოლას მადურომ შობა ვენესუელაში პირველ ოქტომბერს გადმოიტანა.
„ახლა სექტემბერია და შობის მოახლოება უკვე იგრძნობა. ამიტომ, ამ წელს, პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, ვაპირებ გამოვცე ბრძანება შობის პირველ ოქტომბერს გადმოტანის შესახებ“, — განაცხადა მადურომ ტელეეთერში.
მადუროს ამ განცხადებას რამდენიმე საათით ადრე წინ უძღოდა პროკურატურის მიერ ოპოზიციის ლიდერის, ედმუნდო გონსალესის დაკავების ორდერის გამოცემა. ედმუნდო გონსალესი ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებზე მადუროს მთავარი მეტოქე იყო.
შობა, ტრადიციულად, ვენესუელაშიც 25 დეკემბერს აღინიშნება. საერთაშორისო მედია ვარაუდობს, რომ შობის გადმოტანის შესახებ გადაწყვეტილება მადურომ იმიტომ მიიღო, რომ ვენესუელის მოსახლეობის ყურადღება პოლიტიკური კრიზისიდან სხვა მიმართულებით გადაიტანოს.
მადუროს მსგავსი გადაწყვეტილება პირველად არ მიუღია. 2020 წელს, პანდემიის დროს, შობა მან 15 ოქტომბერს გადაიტანა, ერთი წლის შემდეგ კი — 4 ოქტომბერს. გასულ წელს შობა პირველ ნოემბერს აღნიშნეს და მოგვიანებით მადურომ ისიც კი თქვა, რომ კიდევ უფრო ადრე გადმოტანა სჯობდა.
საპრეზიდენტო არჩევნები ვენესუელაში ივლისში გაიმართა. შედეგების გამოცხადების შემდეგ მადურო ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარედან წნეხში მოექცა. ოფიციალური მონაცემებით, მადურომ ხმების 52% მიიღო და პოსტი მესამე ვადით გაინაღდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია და სინამდვილეში მადურომ ხმების 30% მიიღო, ოპოზიციის ლიდერმა ედმუნდო გონსალესმა კი — 67%.
შეერთებულმა შტატებმა და ლათინური ამერიკის მეზობელმა ქვეყნებმა მოითხოვეს, რომ ვენესუელის ხელისუფლებას მონაცემები გასაჯაროებინა.
დამოუკიდებლად მოპოვებული მტკიცებულებები, მონაცემები და ექსპერტები მიუთითებენ, რომ ავტორიტარმა მადურომ სინამდვილეში არჩევნები მართლაც მნიშვნელოვანი სხვაობით წააგო გონსალესთან.
ვენესუელის ქუჩები არჩევნების შემდეგ ძლიერმა პროტესტმა მოიცვა. ხელისუფლების პასუხი ამაზე მკაცრი რეპრესიები იყო. დაახლოებით 2400 ადამიანია დაკავებული, ბევრმა ქვეყანა დატოვა, ბევრიც მალვაშია. როგორც CNN წერს, მათ არაერთმა ადგილობრივმა უთხრა, რომ სახლის დატოვების ეშინიათ მთავრობის მხარდამჭერთა მხრიდან მუქარების გამო.
Human Rights Watch-ის თქმით, სულ მცირე, 11 ადამიანია მოკლული მასობრივი პროტესტის მიმდინარეობისას. არასამთავრობოები კი 24 ადამიანის მკვლელობაზე საუბრობენ.
მადურომ ორი ახალი ციხის გახსნის შესახებ ბრძანება გასცა და ღია მოწოდებები აკეთა ქუჩებში პროტესტის მონაწილეების დაპატიმრების შესახებ.
