პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებას“ 2021 წელს გაკეთებულ განცხადებას ახსენებს, რომელიც საჯარო სკოლებში უფასო კვების უზრუნველყოფას ეხებოდა.
ბუჩუკური პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დაინტერესდა 2024 წელს ჯერ კიდევ რატომ არაა ეს პირობა შესრულებული და „ოცნების“ ლიდერებს ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის მხრივ მდგომარეობა შეახსენა:
„სიყალბეა თქვენი რიტორიკა, როდესაც ადამიანებს კეთილდღეობაზე ესაუბრებით. ეს არის ქვეყანა, სადაც ბავშვები შიმშილობენ. რომელ კეთილდღეობაზე ელაპარაკებით ადამიანებს?! დღეს შუშის კოლბა გახდა თქვენი დღევანდელი სახის და ფორმის სიმბოლო. […] 2022 წელს უნდა დაწყებულიყო საჯარო სკოლებში ე.წ. სასკოლო კვების პროექტი.
2024 წელია, ათ დღეში სწავლა იწყება. სად არის პროექტი, რომლითაც უნდა მომხდარიყო საჯარო სკოლებში ბავშვთა კვებით უზრუნველყოფა. ჯანდაცვის სოციალური მომსახურების მონაცემებით საქართველოში 175 600-მდე ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს,“ — განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ბუჩუკურის აღნიშნულ განცხადებას სასკოლო კვების ნაწილში არ უპასუხეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბუჩუკურს მხოლოდ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე გიორგი გახარიაზე მიუთითა, რომელიც ღალატსა და სიყალბეში დაადანაშაულა:
„ორი სიტყვაა, რომელსაც, ჩემი რჩევა იქნებოდა, თქვენმა პარტიამ არ გამოიყენოს. ეს არის სიყალბე და ღალატი, ორი სიტყვაა, რომელიც თქვენს პარტიასთან ასოცირდება“ — უთხრა პაპუაშვილმა ანა ბუჩუკურს.
2021 წლის სექტემბერში მოძრაობა „ხმამ“ განაცხადა, რომ იწყებს კამპანიას სკოლაში საყოველთაო უფასო კვების დანერგვის მოთხოვნით. განცხადებაში, მოძრაობამ დაიმოწმა 2021 წლის კვლევა, რომლის თანახმადაც, მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლისასხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) შია. საქართველოს საჯარო სკოლებში დაახლოებით 549 ათასი მოსწავლე სწავლობს.
სკოლებში კვების საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ბანერები გაჩნდა, დაპირებით „უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში“.
ენმ-ის დაპირების შემდეგ სახელმწიფო უწყებებმაც განაცხადეს, რომ ამ თემაზე მუშაობენ. თუმცა პროგრამა არ ამოქმდებულა.
ამ თემაზე წაიკითხეთ:








