ახალი ამბები

ამოქმედდეს საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამა – ენმ პარლამენტს ინიციატივით მიმართავს

26 სექტემბერი, 2022 • 931
ამოქმედდეს საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამა – ენმ პარლამენტს ინიციატივით მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რომ საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამა ამოქმედდეს. ამის შესახებ ენმ-ის წევრმა, ანი წითლიძემ დღეს, 26 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

წითლიძე მოუწოდებს მთავრობას განათლების კომიტეტს, რომ დაიწყოს აქტიური მუშაობა და მხარი დაუჭიროს ენმ-ის ინიციატივას.

„NDI-ის გამოკითხვებით, ყოველმა მესამე მოქალაქემ თქვა, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი თანხა, რომ ოჯახი გამოეკვებათ. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ბავშვი ამ ქვეყანაში შიმშილობს. კიდევ უფრო მძიმეა მოძრაობა „ხმის“ მიერ ჩატარებული კვლევები სკოლებში, სადაც მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ განიცდის შიმშილს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რაც მათ გონებრივ შესაძლებლობებზე პირდაპირ აისახება. ეს არის კატასტროფა და ეს უნდა იყოს ნომერი პირველი პრიორიტეტი როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის, რადგან არ შეიძლება, ბავშვები შიმშილობდნენ[…]

მოვუწოდებთ განათლების  კომიტეტს, მთავრობას და “ქართულ ოცნებას,” კარგია, რომ მათ შვილებს არ შიათ, ვუსურვებ, არასოდეს მოშივდეთ, მაგრამ ამ ქვეყანაში ბავშვების 70%-ზე მეტს შია საჯარო სკოლებში და აუცილებელია, სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი უფასო კვება”,- განაცხადა წითლიძემ.

წითლიძის თქმით, აღნიშნული პროგრამა 100 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება, თუმცა ბიუჯეტის სწორი გადანაწილების პირობებში, ამ თანხების მოძიება შესაძლებელია.

სკოლებში უფასო კვების დაპირება – საიდან დაიწყო ყველაფერი?

2021 წლის სექტემბერში მოძრაობა „ხმამ“ განაცხადა, რომ იწყებს კამპანიას სკოლაში საყოველთაო უფასო კვების დანერგვის მოთხოვნით. განცხადებაში, მოძრაობამ დაიმოწმა 2021 წლის კვლევა, რომლის თანახმადაც, მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლისას ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) შია. საქართველოს საჯარო სკოლებში დაახლოებით 549 ათასი მოსწავლე სწავლობს.

სკოლებში კვების საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ბანერები გაჩნდა, დაპირებით „უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში“.

ენმ-ის დაპირების შემდეგ სახელმწიფო უწყებებმაც განაცხადეს, რომ ამ თემაზე მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, სასკოლო კვების პროგრამაზე ასევე შეიქმნა სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.

2021 წლის 1 დეკემბერს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პარლამენტის წინაშე წარდგა. „მინისტრის საათის“ დროს დეპუტატებმა სკოლებში კვების პროგრამის შესახებ ჰკითხეს, მინისტრმა მაშინ თითქმის იგივე თქვა, რასაც დღეს სამინისტრო გვპასუხობს.

„შევჯერდებით რამდენიმე მოდელზე და შემდეგ წარვუდგენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და გადავალთ უკვე პროექტის შემდეგ ეტაპზე“, — განაცხადა დეკემბერში ჩხენკელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი