ახალი ამბები

საჯარო რეესტრის უფროსი მედიას ურჩევს როგორ დაფაროს წყარო რუსული კანონის პირობებში

30 აგვისტო, 2024 •
საჯარო რეესტრის უფროსი მედიას ურჩევს როგორ დაფაროს წყარო რუსული კანონის პირობებში

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, დავით დევიძის განცხადებით, რუსული კანონის ფარგლებში დეკლარაციის შევსებისას მედიებისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს დამალვა „ბუღალტრული ტექნოლოგიის საკითხია“.

ამის შესახებ მან დღეს, 30 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

რუსული კანონის ფარგლებში შექმნილი დეკლარაციის ფორმა, რომლის შევსებაც არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ევალება, ითხოვს დეტალურ ინფორმაციას, როგორც ორგანიზაციის მიერ მიღებულ ყველა შემოსავალსა და გადახდილ გადასახადზე, ასევე იმ პირებზე თუ ვისთან თანამშრომლობს ორგანიზაცია. ეს საფრთხეს უქმნის, მათ შორის, ჟურნალისტურ საქმიანობაში წყაროს გაუთქმელობის უფლებას, ვინაიდან მედიას ან უფლებადამცველ ორგანიზაციას შესაძლოა ჰყავდეთ დაკონტრაქტებული საინფორმაციო წყარო, რომელსაც კონფიდენციალურად დარჩენის გარანტია სურს, მათ შორის სახელმწიფო უწყებებისაგანაც.

„წყაროს მითითებაზე ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენ ვეუბნებით, რომ ის არ ჩაწერო, წყაროა იყო თუ უბრალოდ გამვლელი. [ვეუბნებით] ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაცია მიუთითე, მაგრამ რატომ და რისი გულისთვის, რა კონტრაქტი გქონდა, ჩამოაყალიბე განსხვავებულად ისე, რომ არ მიუთითო, რომ ეს წყაროა. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მხარდაჭერა, სოციალური ხარჯი ან რამე… ბუღალტრული ტექნოლოგიის საკითხია, რომ მიეთითოს იმგვარად, რომ არ გამოჩნდეს კონკრეტულად რა მიზნით გადაეცა [თანხა].

ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში მიზანი ჩამოაყალიბე იმგვარად, რომ არ მოახდინო ამ პირის იდენტიფიკაცია მისი კონკრეტული მახასიათებლების. მაგალითად, გადავიხადე იმისთვის, რომ ინფორმაცია ვიყიდე, ეს არ უნდა ჩაწერო, რომ ინფორმაცია არ უნდა ჩაწერო და ამისთვის უხდი ფულს. უნდა დაწერო სხვანაირად, მაგალითად, „მივეცი თანხა მხარდაჭერისთვის“ ან „გადავუხადე მომსახურება“. თუ იქნება ბუნდოვანი, საჯარო რეესტრი მიიღებს დანართს და თუ იქნება საჭირო, გადამოწმდება და შეიძლება ჩვენ დავაზუსტოთ ეს საკითხი, მაგრამ ეს არ გამოქვეყნდება, სახელმწიფოს ეცოდინება“, – განაცხადა დავით დევიძემ.


რუსული კანონის ფარგლებში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის პორტალი უკვე ამოქმედდა.

დეკლარაციის ფორმა, რომელიც რეესტრში რეგისტრაციისთვისაა საჭირო,  გაცილებით მოცულობითი და დეტალურია იმასთან შედარებით, რასაც თანამდებობის პირები ავსებენ.

გარდა იმისა, რომ დიდი მოცულობისაა, დეკლარაციის კითხვებს აჩენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების კუთხითაც.

კერძოდ, ორგანიზაციები, რომლებიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მიიჩნევიან, ვალდებული არიან რუსული კანონით გათვალისწინებული რეესტრში დარეგისტრირდნენ და ამისთვის იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დეკლარაციის ფორმა შეავსონ, რომელიც იმავდროულად მისი საფინანსო დეკლარაციაა.

თავის მხრივ, საფინანსო დეკლარაციის ფორმა მოიცავს ინფორმაციას ორგანიზაციის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას ორგანიზაციის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის თაობაზე, რომელთა შორის ვხვდებით შესაბამისი შემოსავლის წყაროს სახელს, გვარს, პირად ნომერს და საბანკო ანგარიშის ნომერს (ფიზიკური პირის შემთხვევაში), შრომის ანაზღაურების, სახელფასო და სამივლინებო თანხების დეკლარირების ნაწილში – თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციას, მათი სახელის, გვარის, პირადი ნომრის, საბანკო ანგარიშისა და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის მითითებით, აგრეთვე, ინფორმაციას სუბიექტთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირის სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და მისთვის გადახდილი თანხის ოდენობის შესახებ, ხოლო სასესხო ვალდებულებების ნაწილში დეკლარირებას ექვემდებარება თავდები პირის სახელი და გვარი, სესხის ამ სახით უზრუნველყოფის შემთხვევაში.

ამასთან, რუსულ კანონით, მონიტორინგი და ჯარიმები ფიზიკურ პირებსაც შეეხებათ.  სახელმწიფოს შეეძლება ფიზიკური პირებისთვის პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნა და მათი დაჯარიმება.  მათ შორის,  კანონი ითვალისწინებს ფიზიკური პირებისგან განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის წარდგენის ვალდებულებასაც.

განსაკუთრებული კატეგორიისაა, „მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი