საზოგადოება

რუსულ კანონში შესული ცვლილებით მონიტორინგი და ჯარიმები ფიზიკურ პირებსაც შეეხება

17 მაისი, 2024 •
რუსულ კანონში შესული ცვლილებით მონიტორინგი და ჯარიმები ფიზიკურ პირებსაც შეეხება

„ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ისეთი ცვლილება შეიტანა, რომელიც კანონს მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც შეახებს.

აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ კანონპროექტში შევიდა ცვლილებები, რომლითაც ფიზიკური პირები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის გათვალისწინებული “უცხო ძალის ინტერესების გამტარებლების” რეესტრში მოხვდებიან, თუმცა სახელმწიფოს შეეძლება ფიზიკური პირებისთვის პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნა და მათი დაჯარიმება.

კერძოდ, ცვლილება შევიდა მონიტორინგის შესახებ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება. კანონპროექტს დაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც:

„მონიტორინგის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია.

ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია“,- ვკითხულობთ მესამე და საბოლოო მოსმენით მიღებულ ვერსიაში.

რუსული კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში მე-9 მუხლში, რომელიც პასუხისმგებლობას შეეხება,  დამატებულია ახალი სანქცია, რომლის მიხედვითაც  იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირისთვის მის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომლის წარდგენასაც ფიზიკურ პირს რუსულ კანონში დამატებული ცვლილება ავალდებულებს, ესაა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი:

„მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება“.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ რუსულ კანონზე მომხსენებელმა ანრი ოხანაშვილმა, პირველ მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის მეორე მოსმენისას ისაუბრა. თუმცა ჩანაწერი საბოლოოდ ანუ მესამე მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით 67 წამში, ოპოზიციის დასწრების გარეშე, განიხილა და კანონპროექტში მსგავსი ცვლილების შეტანის შესახებ ყურადღება აღარ გამახვილებულა. აღნიშნულ ცვლილებაზე ყურადღება კანონპროექტზე მომხსენებელს არც პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვისას გაუმახვილებია.

შედარებისთვის, პირველი და მეორე მოსმენით მიღებული კანონის ვერსიაში მონიტორინგის მუხლში აღნიშნული პუნქტი შემდეგნაირად იყო ფორმულირებული:

„მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი“.

შესაბამისად, პირველ და არც მეორე მოსმენაზე მიღებულ ვერსიებში არც ფიზიკური პირების 5000-ლარიან ჯარიმაზე ყოფილა ნახსენები.

როგორც „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ იურისტი, საბა ბრაჭველი აცხადებს, თუ აქამდე ჩვეულებრივ მოქალაქეზე რუსული კანონის გავლენა შეიძლება არაპირდაპირი და დროში გაწელილი ყოფილიყო, მესამე მოსმენისას დამატებული ცვლილებებით უკვე პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს კანონი ყველას შეგეხებათ.

„ერთი სიტყვით, ამ კანონით ხელისუფლებას უჩნდება შესაძლებლობა, ნებისმიერი ორგანიზაცია, დონორი, ადამიანი დააჯარიმოს იმდენჯერ და იმდენი ოდენობით, სანამ მისი ანგარიშები სრულად არ დაყადაღება და ფუნქციონირება/ცხოვრება შეუძლებელი არ გახდება.

ხელისუფლება რომ სიტყვას გატეხდა – ეს ვიცოდით. რუსული კანონი რომ რუსულ თარგზე წავიდოდა და ფიზიკურ პირებს აუცილებლად დაუწესებდა ჯარიმებს – ამასაც ვამბობდით. მაგრამ ისე იჩქარეს, რომ ჯერ არმიღებულ კანონში ჩაწერეს ფიზიკურ პირებზე სანქციები. ეს უტიფრობის სრულიად ახალი მწვერვალია.

ცხადია, რუსული კანონი აქამდეც ეხებოდათ ჩვეულებრივ ადამიანებს. ევროინტეგრაცია რომ გვერდით გადავდოთ, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველა მოვიხმართ იმ სიკეთეებს, რაც საერთაშორისო დახმარებებით მიიღწევა. მთავრობა თუ საავადმყოფოებს ხურავს, ცხადია, რომ ეს მხოლოდ ექიმებს და ექთნებს კი არა, ყველა პაციენტს შეეხება.

თუმცა, თუ აქამდე ჩვეულებრივ მოქალაქეზე კანონის გავლენა შეიძლება არაპირდაპირი და დროში გაწელილი ყოფილიყო, ახლა უკვე პირდაპირ და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ კი, ეს კანონი ყველას შეგეხებათ. ახლა უკვე ღიად, აშკარად წერია, რომ ულიმიტო და შეუზღუდავი დაჯარიმებების მექანიზმი, ინფორმაციის და საიდუმლოს ულიმიტოდ და შეუზღუდავად გაცემის ვალდებულება ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება“, – წერს საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ რუსულ კანონში ზემოხსენებული ცვლილება მე-2 მოსმენისას შევიდა და ეს მის გამკაცრებას არ ნიშნავს: “მხოლოდ ტექნიკური საკითხია“.

„რაც შეეხება ამ პუნქტს, ეს იყო მეორე მოსმენის დროს განხილული საკითხი. ეს გულისხმობს, რომ მაშინ, როცა ინფორმაციის მოპოვება არის საჭირო და ხდება მოკვლევა ამა თუ იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, პირებს ვალდებულება აქვთ, ეს ინფორმაცია მიაწოდონ, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს.

ხომ ხედავთ, რამხელა პრობლემაა, როცა წერა-კითხვა ეზარება ადამიანს და ბრახაბრუხი, ყვირილი ურჩევნია. მეორე მოსმენა 2 კვირის წინ იყო, 2 კვირის წინანდელი ამბავი ახლა რომ აღმოაჩინეთ, ეს ცალკე ისტორიაა. ინფორმაციის მოპოვება საჭიროა ხოლმე ცალკეულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ყველა ვალდებულია, როგორც ორგანიზაცია, ისე ფიზიკური პირი, მიაწოდოს ინფორმაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით, 14 მაისს, მესამე მოსმენით დაამტკიცა რუსული კანონი.

კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

რუსული კანონის ხელახალმა ინიციირებამ გამოიწვია უწყვეტი მრავალათასიანი პროტესტი თბილისის ქუჩებში. „ქართული ოცნებას“ მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე მიუთითებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მზადყოფნა გამოთქვა, პრეზიდენტის ვეტოში ასახონ ვენეციის კომისიის დასკვნა. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ვეტოს დადებით არ შევიდოდა ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. რუსული კანონის ირგვლივ შექმნილი კრიზისიდან ვეტოს ფარგლებში შესაძლო გამოსავლის პოვნაზე მიანიშნეს როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის თქმით, ყველაზე
საუკეთესო გამოსავალი კანონპროექტის საერთოდ გაუქმებაა, სხვა შემთხვევაში კი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრების შემდეგ „ყველა მხარის ლეგიტიმური წუხილების მოსაგვარებლად“ საუკეთესო გზის მოძებნაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის თქმით, „ვეტო იქნება იურიდიულად და ტექნიკურად გამართული“, ამავდროულად, „ვეტოში არ იქნება კანონის გაკეთილშობილების რამე შესაძლებლობა, მისი შეცვლა ან გაპატიოსნება“. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელთანაც, მსხილაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თანამშრომლობს, ვენეციის კომისიაა. ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონზე მომავალ კვირას უნდა გამოქვეყნდეს.

ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი