სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით ახალგაზრდა პოლიტოლოგის დაკავების შემდეგ, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოებას საკუთარი უსაფრთხოების გამო კიდევ უფრო ეშინია.
21 აგვისტოს, აზერბაიჯანში ახალგაზრდა პოლიტოლოგი და სამოქალაქო აქტივისტი, პრაღის კარლის უნივერსიტეტის დოქტორანტი ბაჰრუზ სამედოვი დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს სამშობლოს ღალატი, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა ოთხი თვის ვადით (გამოძიების ფარგლებში). მოვლენამ შოკში ჩააგდო და შეაშფოთა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე აქტივისტი დაიკითხა. ბევრი ამას აზერბაიჯანში ერთი წლის წინ დაწყებული დაპატიმრებების ტალღის გაგრძელებას უკავშირებს და საკუთარი უსაფრთხოების გამო ეშინია.
300-ზე მეტი პოლიტპატიმარი
2023 წლის 23 ივლისს, ფულის ფალსიფიკაციის ბრალდებით დააკავეს პოლიტიკური ეკონომიკის ცნობილი სპეციალისტი და სოციალურ-პოლიტიკური მოღვაწე გუბად იბადოღლუ.
მალევე პროფკავშირების გაერთიანების “სამუშაო მაგიდის” წევრებს ბრალი სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულში წაუყენეს.
ნოემბერსა და დეკემბერში უცხოური ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით, გამოძიების ობიექტად იქცა დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემის “AbzasMedia-ს” თითქმის მთელი გუნდი.
2024 წლის მარტში კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს ათობით ჟურნალისტი, მკვლევარი და აქტივისტი, რომლებიც კავშირში იყვნენ ინტერნეტ ტელევიზია “Toplum TV-თან”.
ყველა მათგანი, მათ შორის ბაჰრუზ სამედოვი, ისევე როგორც მათი თანამებრძოლები სამოქალაქო საზოგადოებაში და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებში, აცხადებენ, რომ ეს ბრალდებები ხელოვნურად შექმნილი, ხოლო დაპატიმრებები პოლიტიკურად მოტივირებულია და წარმოადგენენ რეპრესიის ფორმას.
კავშირის “აზერბაიჯანის პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის” მონაცემებით, ქვეყანაში ამჟამად 300-ზე მეტი პოლიტპატიმარია. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ეს ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
მთავრობა, თავის მხრივ, რეგულარულად აცხადებს, რომ აზერბაიჯანში არავინ ხდება პოლიტიკური დევნის ობიექტი.
“სამედოვის საქმე”
29 წლის ბაჰრუზ სამედოვი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სამშვიდობო პროექტებში, ცნობილი იყო ანტიმილიტარისტული პოზიციითა და აზერბაიჯანის ხელისუფლების მწვავე კრიტიკით. კერძოდ, ის აკრიტიკებდა აზერბაიჯანის პოლიტიკას ყარაბაღთან მიმართებაში.
ამ საკითხზე ის საკუთარ აზრს გამოთქვამდა სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა მედიებთან ინტერვიუებსა და პუბლიკაციებში, რითაც საკუთარი თავის წინააღმდეგ განაწყო აზერბაიჯანული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც ის არაერთხელ გამოაცხადა “მოღალატედ”. საბოლოოდ კი, ხელისუფლებამაც იგივე სტატუსი მიანიჭა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 23 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე დასახელდა “სომხეთის მოქალაქეების გვარები”, რომლებთანაც ბაჰრუზ სამედოვი “ეჭვმიტანილია კავშირში, კერძოდ კი ეს შეეხება დავალებების მიღებასა და ინფორმაციის გადაცემას”.
მისი ადვოკატის ზიბეიდა სადიგოვას თქმით, სასამართლო პროცესზე ბაჰრუზმა თქვა, რომ ის უდანაშაულოა, არ უღალატია ქვეყნისთვის და მხოლოდ მშვიდობა სურდა.
მოწმეები, რომლებიც ქვეყნიდან ვერ გავიდნენ
ბახრუზის დაკავებიდან მალევე, აქტივისტი და მწერალი სამედ შიხი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ანტიმილიტარისტი და მთავრობის კრიტიკოსი, აეროპორტში დააკავეს, როდესაც აზერბაიჯანიდან გაფრენას ცდილობდა. ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი მისი ადგილსამყოფლის შესახებ, შემდეგ კი სამედის ფეისბუკ გვერდზე გაჩნდა პოსტი, რომ ის დაკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოწმის სახით ბახრუზის საქმესთან დაკავშირებით და დაუსვეს კითხვები “გარკვეული სომხების შესახებ”.
ამ პოსტის კომენტარებში, სამედის მეგობრები და ნაცნობები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ მას ეს თვითონ არ დაუწერია, ყოველშემთხვევაში, არა ნებაყოფლობით, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის “კარნახით”. ასეა თუ ისე, რამდენიმე საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სამედ შიხი გაათავისუფლეს. მას ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.
ორიოდე დღის შემდეგ, იგივე ამბავი მეორე აქტივისტთან ჯავიდ აგასთან განმეორდა – ისიც აეროპორტში გააჩერეს, როდესაც ლიეტუვაში სასწავლებლად აპირებდა გამგზავრებას, შემდეგ კი გაირკვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იგივე საქმეზე დაკითხეს. ამის შესახებ ჯავიდ აგამ ფეისბუკზეც გაავრცელა ინფორმაცია. ამჯერად “გარკვეული სომხები” არ იყვნენ ნახსენები, შესაბამისად, არავის შეპარვია ეჭვი, რომ პოსტი თავად დაწერა.
მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სამედ შიხს და ჯავიდ აგას ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ. მათი გარემოცვა, რომელიც ძირითადად ერთი და იგივე აქტივისტებისაგან, “დისიდენტებისა” და ანტიმილიტარისტებისაგან შედგება, შეშფოთებული არიან შექმნილი ვითარებით და აინტერესებთ, რა არის რეალური მიზეზები იმისა, რაც ხდება და კიდევ ვისზე გავრცელდება დევნა.
აზერბაიჯანელ აქტივისტებს, რომლებიც ღიად გამოხატავენ ომის საწინააღმდეგო პოზიციას, ადრეც ჰქონდათ პრობლემები სამართალდამცავ უწყებებთან. სულ მცირე, ხშირად მათ იძახებდნენ “აღმზრდელობითი ხასიათის საუბრებისთვის”. ეს ჩვეულებრივ ხდებოდა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მორიგი ესკალაციის დროს (მაგალითად, 2022 წელს). მაგრამ ისეთი სერიოზული მუხლი, როგორიც არის “სახელმწიფო ღალატი”, რომელიც 12-20 წლიან ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, პირველად განიხილება.
აზერბაიჯანში ზოგიერთი მიდრეკილია იფიქროს, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ბაქო და ერევანი ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე – გზაზე, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთთან სომხეთის ტერიტორიის გავლით აკავშირებს.
სხვები ამას უკავშირებენ ფაქტს, რომ ნოემბერში ბაქოში ჩატარდება გარემოსდაცვითი კონფერენცია “COP29”. თუმცა თავდაპირველად იმედოვნებდნენ, რომ კონფერენციის წინა პერიოდში სიტუაცია, პირიქით, გაუმჯობესდებოდა და შედარებით “მსუბუქი” გახდებოდა.