რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პერსონალური სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებული შტატების 92 მოქალაქეს – მათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. ამის შესახებ „მედუზა“ იტყობინება.
მოსკოვში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის „რუსოფობიული კურსის“ გამო მიიღეს, რომლის ფარგლებშიც რუსეთის მოქალაქეები – უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მხარდამჭერები, დაასანქცირეს.
რუსული მხარე ირწმუნება, რომ დაასანქცირა სხვადასხვა ჩინოვნიკები, კომპანიების ხელმძღვანელები და „ლიბერალურ-გლობალისტური“ გამოცემების ჟურნალისტები, რომლებიც, თითქოს „ფეიკებს“ ავრცელებენ რუსეთსა და მის ჯარზე.
დასანქცირებულთა შორის არიან „უოლ სტრიტ ჯორნალის“ მთავარი რედაქტორი ემა ტაკერი და გამოცემის რამდენიმე ჟურნალისტი, აშშ-ის კოსმოსური სისტემების სარდალი ფილიპ გარანტი, ასევე „ნიუ-იორკ თაიმზისა“ და „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტები და რამდენიმე საოლქო პროკურორი.








