“ძალადობრივი თავდასხმები მთავრობის კრიტიკოსებზე” – ასე ჰქვია ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის სტატიას, რომელიც რუსული კანონის მიღების პროცესში, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე არ აჩვენებს ნებას, რომ ეფექტიანად გამოიძიოს სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარი ძალადობრივი თავდასხმები. დაუსჯელობა კი ქმნის რისკს, რომ წახალისდეს პოლიტიკური ძალადობა და არასტაბილურობა 2024 წლის 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში.
ორგანიზაციის წარმომადგენლები პირადად ესაუბრნენ იმ ადამიანებს, ვინც ძალადობრივი თავდასხმების ობიექტები გახდა. ასევე, მათ ადვოკატებსა და სხვა უფლებადამცველებს. შეისწავლეს და გაანალიზეს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია თავდასხმებისა და მიმდინარე გამოძიების შესახებ. ასევე, თავადაც გამოითხოვეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურისგან. შედეგად, ისინი ასკვნიან, რომ გამოძიების პროცესი არის გაჭიანურებული და არაეფექტური. გარდა ამისა, HRW-ის შეფასებით, სამართალდამცავი უწყებები არ დგამენ ყველა საჭირო ნაბიჯს პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად.
“თუ აქტივისტების, დამოუკიდებელი მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების შევიწროებისა და დაშინების შემთხვევები დაუსჯელი დარჩება, ეს დამნაშავეთა წახალისების რისკს ქმნის, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ძალადობის ესკალაციას არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. სასწრაფოდაა საჭირო პასუხის გაცემა ამ სასტიკ თავდასხმებსა და ძალადობრივ მუქარებზე”, – განაცხადა ჰიუ უილიამსონმა, HRW-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პირადად შეისწავლეს აპრილიდან-ივნისის ჩათვლით პერიოდში მომხდარი თავდასხმები ხუთი ადამიანის მიმართ. ესენი არიან: სტუდენტი ნიკო მანაგაძე, “ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, დიმიტრი ჩიქოვანი, კოალიცია “ერთობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პროფესორი გია ჯაფარიძე, აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი და გმირთა მოედანზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე ნიკოლოზ ბუთხუზი.
ამ კონკრეტულ საქმეებზე ინფორმაციის მისაღებად HRW-მა ქართულ სამართალდამცავ უწყებებს მიმართა, თუმცა მათგან მხოლოდ ის ინფორმაცია მიიღო, რომ გამოძიება მიმდინარეობს, სისხლისსამართლებრივი დევნა კი არავის მიმართ არაა დაწყებული.
“თავდასხმების უმეტესობა განხორციელდა მცირე ჯგუფების მიერ საჯარო სივრცეებში, თვითმხილველებისა და სათვალთვალო კამერების არეალში. უმრავლეს შემთხვევაში, პოლიციამ ფორმალურად დაიწყო გამოძიება, თუმცა არ დაუდგენიათ არცერთი თავდამსხმელის ვინაობა და არ დაუკავებიათ არავინ. არსებობს ნიშნები, რომ ისინი არ დგამენ გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნაბიჯს პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის სტატიაში.
აქვეა აღნიშნულია, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგოდ საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ჩატარდა.