საზოგადოება

ზუკა ბერძენიშვილს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს

11 ივნისი, 2024 •
ზუკა ბერძენიშვილს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს

სამოქალაქო აქტივისტს, “სირცხვილიას” ერთ-ერთ დამფუძნებელ ზუკა ბერძენიშვილს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას სალომე ნიკოლეიშვილი (ბარკერი) ავრცელებს.

ის ხაზს უსვამს, რომ თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ერთ საათში მოხდა. პაპუაშვილი პოსტში სალომე ნიკოლეიშვილს (ბარკერი) და ზუკა ბერძენიშვილსაც ახსენებს.

“სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ”, – წერს სალომე ბარკერი.

“შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ჰყოფნიდა, რასაც შვრებოდა და ზევიდან ფანტაზიორობდა”, – წერს ზუკა ბერძენიშვილი.

ზუკა ბერძენიშვილი რამდენიმე დღის წინაც წერდა, რომ სოფელში მის წინააღმდეგ ჩასაფრებას აწყობდნენ, თუმცა თავდამსხმელებისგან თავის დაღწევა მოახერხა.

შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ  ბოლო რამდენიმე დღეში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული  არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები, მათ შორის სალომე ნიკოლაიშვილი და ზუკა ბერძენიშვილი, “პარლამენტის წევრებს ურეკავდნენ მუქარით და შეურაცხყოფით”.

“დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ”, – დაწერა პაპუაშვილმა.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე არაერთი აქტივისტი, პოლიტიკოსი თუ სტუდენტი სცემეს ჩასაფრებების შედეგად, რასაც წინ უძღოდა სატელეფონო ზარები და მუქარის შემცველი გზავნილები, ოფისებთან კი- შეურაცხმყოფელი წარწერები და პლაკატები. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუსჯია.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დიტო სამხარაძემ აღიარა, რომ მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერების უკან მმართველი გუნდი დგას.

დეპუტატი სამხარაძე აღიარებს, რომ შეურაცხმყოფელი წარწერების ორგანიზატორია

მასალების გადაბეჭდვის წესი