ახალი ამბები

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი იყო

12 აგვისტო, 2024
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი იყო

კვირას, 11 აგვისტოს ხანძარი იყო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინფორმაციით, მთელი საღამოს განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა, მოგვიანებით კი სააგენტოს ექსპერტებმა შეამჩნიეს მუქი კვამლი. მათივე ვარაუდით, აფეთქების მიზეზი გახდა დრონით თავდასხმა.

IAEA-ს განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რამენაირი საფრთხე.

ხანძრის ამსახველი ვიდეო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა. ის აფეთქებაში რუსეთს ადანაშაულებს.

“ნიკოპოლიდან დავაფიქსირეთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხანძარი გააჩინეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ამ ეტაპზე რადიაციის დონე ნორმაშია. თუმცა იქამდე, სანამ რუსი ტერორისტები აკონტროლებენ ატომურ ელექტროსადგურს, სიტუაცია არ არის და ვერ იქნება ნორმაში”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურსა და მისი კონტროლის ბერკეტს რუსეთი არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ევროპასა და მთელ მსოფლიოზე ზეწოლისთვის იყენებს. ზელენსკის თქმით, ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ნორმები გარანტირებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდება.

ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. გუბერნატორი ევგენი ბალიცკი ელექტროსადგურზე თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. რუსული მხარის ინფორმაციით, რომელიც ტერიტორიას აკონტროლებს, ხანძარი ლიკვიდირებულია და არც რადიაციის საფრთხე არსებობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეაგირებისკენ მოუწოდებს  თავად სააგენტო კი განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს, ხანძრის მიზეზების დასადგენად მისი ექსპერტები ზაპოროჟიეში შეუშვან.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლიდან რუსეთის კონტროლის ქვეშაა.


რამდენიმე დღის წინ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში, სამი სოფელი აიღო. უკრაინელები 10 კილომეტრის სიღრმეზე არიან რუსეთის ტერიტორიაზე შესულები. რუსეთის ინფორმაციით, 76 000 ადამიანი ევაკუირებულია კურსკის სასაზღვრო რეგიონიდან. მას შემდეგ, რაც რუსეთი სრული მასშტაბით შეიჭრა 2022 წელს, ეს ყველაზე მასშტაბური რეიდია უკრაინელების მხრიდან.

10 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა უკრაინის მოსაზღვრე სამ – კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოაცხადა. რუსეთის ოფიციალური პირები საპასუხო ნაბიჯებისკენ მიანიშნებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი