უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიის დასავლეთით საზღვართან, კურსკის ტერიტორიაზე მოქმედებენ.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა შაბათ გვიან საღამოს ვიდეომიმართვაში ილაპარაკა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა კურსკში მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნა, რომ უკრაინას ომი „აგრესორის ტერიტორიაზე“ გადააქვს.
„უკრაინა ამტკიცებს, რომ მას შეუძლია აღადგინოს სამართლიანობა და აგრესორზე სათანადო ზეწოლა მოახდინოს“, — თქვა ზელენსკიმ.
უკრაინელები 10 კილომეტრის სიღრმეზე არიან რუსეთის ტერიტორიაზე შესულები. რუსეთის ინფორმაციით, 76 000 ადამიანი ევაკუირებულია კურსკის სასაზღვრო რეგიონიდან.
მას შემდეგ, რაც რუსეთი სრული მასშტაბით შეიჭრა 2022 წელს, ეს ყველაზე მასშტაბური რეიდია უკრაინელების მხრიდან.
ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად უკანასკნელ 24 საათში 11 ადამიანი დაიჭრა.
გასულ ღამით კიევი და რამდენიმე რეგიონი რუსული დრონებისა და სარაკეტო თავდასხმების სამიზნე გახდა. კიევის რეგიონში 35 წლის მამაკაცი და მისი 4 წლის შვილი შეეწირნენ რაკეტის ფრაგმენტს, რაც მათ საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
ინფორმაცია უკრაინელების მხრიდან კურსკის რეგიონში შესვლასთან დაკავშირებით პირველად შვიდ აგვისტოს რუსული ტელეგრამ-არხებიდან გავრცელდა, სადაც წერდნენ, რომ 6 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტში იმყოფებოდნენ.
როგორ დაიწყო ყველაფერი, ნახეთ აქ:
უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში სამი სოფელი აიღეს – რუსული ტელეგრამ-არხები