აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი, დემოკრატი თუ რესპუბლიკელი, ამერიკის პოლიტიკა თანმიმდევრულია და ის გულისხმობს საქართველოს მხარდაჭერას. საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ოქტომბრის არჩევნებია.
ამის შესახებ სენატორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვიმყოფებით აქ მნიშვნელოვან დროს, გახლავთ მოსალოდნელი არჩევნები. გვსურდა დაგვედასტურებინა და გაგვემყარებინა ჩვენი მხარდაჭერა თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნებისადმი. გაგვემყარებინა ჩვენი ერთგულება მთავრობისადმი, რომ უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობა. ვინც უზრუნველყოფს, რომ ამ არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის ნება. ჩემი აზრით, ჩვენ მხარდაჭერას ვაგრძელებთ. აშშ მთელი რიგი ძალისხმევით მხარს უჭერს დამკვირვებელთა ჯგუფებს და ამას არჩევნების პერიოდშიც გავაგრძელებთ“, — განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
პრესკონფერენციაზე კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა, რომელიც სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად იმყოფება ვიზიტით საქართველოში, აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრი კობახიძე ზედმეტ ყურადღებას აქცევს ხელისუფლების თუ პირადად მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას აშშ-ის მხრიდან.
„ბაიდენის და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას რომ გადახედოთ, დაინახავთ, რომ საქართველოს მიმართ ცვლილება არ იქნება. იქნება იგივე მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუციებისა, მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციისა.
შეხვედრისას ჩანდა, რომ პრემიერმინისტრი კობახიძე ზედმეტ ყურადღებას ანიჭებდა პირადად მისი და მთავრობის კრიტიკას. ჩვენ შევეცადეთ განგვემარტა, რომ დემოკრატიული პროცესი, დიალოგი გულისხმობს კრიტიკას. ასე ხდება პოლიტიკის ფორმირება. ასე ხდება მთავრობის პოლიტიკის დახვეწა. მოვუწოდეთ პრემიერმინისტრს გაერკვეს, რომ დიალოგი, პოლიტიკური დებატი კრიტიკას გულისხმობს“, — თქვა კონგრესმენმა.
მანამდე სენატორმა და კონგრესმენმა აღნიშნეს, რომ პრემიერმინისტრ კობახიძესთან შეხვედრით იმედგაცრუებულები არიან და კობახიძე არ ამჟღავნებს ინტერესს აშშ-სთან ურთიერთობის გაგრძელებისადმი. ბიძინა ივანიშვილმა კი სენატორთან და კონგრესმენთან შეხვედრაზე უარი თქვა.
დემოკრატი სენატორი და რესპუბლიკელი კონგრესმენი საქართველოში 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. ისინი შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. მასთან შეხვედრის შემდეგ, ჯინ შაჰინმა განცხადება გაავრცელა, სადაც ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა “საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ურყევი ერთგულების გამო”.
სენატორსა და კონგრესმენს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძეც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საუბარ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პერსპექტივებს შეეხებოდა და შეხვედრა იყო საინტერესო.
შეხვედრა შედგა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთანაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს. ასევე, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს
მთავრობის ადმინისტრაციაში მისვლამდე სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი შეხვდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც. შეხვედრის შემდეგ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ საუბარი შეეხო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და იმ გამოწვევებს, რომელსაც “ქართული ოცნების” მიერ დაკანონებული რუსულ კანონი ქმნის ქვეყანაში.
ამერიკელი პარტნიორების ვიზიტი საქართველოში დღეს, 11 აგვისტოს სრულდება.