ახალი ამბები

“განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები” – შაჰინი და ტერნერი თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ

10 აგვისტო, 2024 •
“განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები” – შაჰინი და ტერნერი თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკელ სენატორს, ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს. ასევე, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ს ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი. ასევე, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

განახლება: შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ს საელჩომაც. მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი თავდაცვის მინისტრ ჩიქოვანს შეხვდნენ. მათ შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივების გამო, რამაც გამოიწვია “ღირსეული პარტნიორის” წვრთნების გადადება.

მათ ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების უნიკალურ სიტუაციზე და რუსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე. ასევე, მტკიცე კავშირებზე და თანამშრომლობაზე, რომელიც ამერიკულ და ქართულ ძალებს შორის გრძელდება. მათ დაადასტურეს შეერთებული შტატების ერთგულება, გააძლიეროს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესაძლებლობები”.

თავდაცვის სამინისტრომდე შაჰინი და ტერნერი მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ. მათთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საუბარ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პერსპექტივებს შეეხებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში მისვლამდე სენატორი და კონგრესმენი შეხვდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც. შეხვედრის შემდეგ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ საუბარი შეეხო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და იმ გამოწვევებს, რომელსაც “ქართული ოცნების” მიერ დაკანონებულ რუსულ კანონს ქნის ქვეყანაში.

დემოკრატი სენატორისა და რესპუბლიკელი კონგრესმენის ვიზიტი საქართველოში გუშინ, 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. მასთან შეხვედრის შემდეგ, ჯინ შაჰინმა განცხადება გაავრცელა, სადაც ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა“საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ურყევი ერთგულების გამო”.

ამერიკელი პარტნიორების ვიზიტი საქართველოში ხვალ, 11 აგვისტოს სრულდება.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი