ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა გივი ბერიკაშვილი რუსთაველის პრემიით დააჯილდოვა

24 ნოემბერი, 2015 • • 2218
ირაკლი ღარიბაშვილმა გივი ბერიკაშვილი რუსთაველის პრემიით დააჯილდოვა

საქართველოს ეროვნული პრემიები ხელოვნების დარგში მიენიჭათ – მწერალ ივანე ჩხიკვაძეს – ბოლო წლებში შექმნილი საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაწარმოებებისა და თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; მუსიკათმცოდნე ნანა ქავთარაძეს – სამუსიკათმცოდნეო წერილების კრებულისთვის, „ო, უძლეველო დიდო წამო შემოქმედების”; მხატვარ ჯემალ კუხალაშვილს – ბოლო წლებში შექმნილი მაღალმხატვრული ფერწერული ნამუშევრებისა და თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; რეჟისორ ლევან წულაძეს – თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგმული სპექტაკლისთვის – „როგორც გენებოთ”.

 

მეცნიერების დარგში კი საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები გახდნენ – ფილოლოგი ენრიკო გაბიძაშვილი – ფილოლოგიურ-ბიბლიოგრაფიული ნაშრომისთვის, „ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები”; ფიზიკოსები – ვახტანგ გოგოხია და ავთანდილ შურღაია – სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის, „ველის კვანტური თეორიის ძირითადი მდგომარეობის ტოპოლოგიური და დინამიკური სტრუქტურა”; ექიმი-რადიოლოგი ქეთევან ლაშხი, ექიმი-რადიოლოგი ქეთინო ტორონჯაძე, ექიმი-ენდოსკოპისტი მამუკა გურგენიძე და ექიმი-ენდოსკოპისტი თეიმურაზ იოსელიანი – სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის , „ჰეპატოპანკრეატოდუოდენური ზონის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობის სტრატეგია თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში”; ექიმი-პედიატრი ივანე ჩხაიძე, ექიმი-პულმონოლოგი თამაზ მაღლაკელიძე, ბავშვთა ქირურგი პაატა გვეტაძე, ექიმი-პულმონოლოგი თამაზ ლობჟანიძე – სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის, „რესპირაციული მედიცინა 21-ე საუკუნის დასაწყისში”.

 

„მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის აკეთებთ. ეს არის მადლობა იმ დიდი საქმეებისთვის, რასაც წლებია აკეთებთ. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ბატონ გივი ბერიკაშვილს გადაეცემა რუსთაველის პრემია მისი მრავალწლიანი, განსაკუთრებული, ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ყველას უდიდესი ღვაწლი მიგიძღვით შემოქმედებითი თუ სამეცნიერო მიმართულებით “, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატებს.

 

ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობის პრემია 10 000 ლარის ოდენობით გაიცემა მხატვრული ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, სახვითი ხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, არქიტექტურის, რუსთველოლოგიის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგებში;

 

ხოლო საქართველოს ეროვნული პრემია 8 000 ლარის ოდენობით გაიცემა მხატვრული ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, სახვითი ხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, არქიტექტურის, ტელევიზიის, პუბლიცისტიკის, კულტურული მემკვიდრეობის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და იურიდიული მეცნიერებების, სამედიცინო და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და საინჟინრო მეცნიერებების დარგებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი