საზოგადოებახელოვნება

“რეჟისორი სუბიექტურ პოლიტიკური აქტს გეგმავს” – ბათუმის თეატრმა სპექტაკლი მოხსნა 

6 თებერვალი, 2026 •
“რეჟისორი სუბიექტურ პოლიტიკური აქტს გეგმავს” – ბათუმის თეატრმა სპექტაკლი მოხსნა 

ბათუმის დრამატულმა თეატრმა საჯაროდ განაცხადა, რომ სპექტაკლი შინაარსის გამო  მოხსნა. 

საუბარია გეგა გაგნიძის სპექტაკლ „DARK WEB“ -ზე, რომლის პრემიერა ბათუმის თეატრში 7-8 თებერვალს უნდა გამართულიყო. 

“საპრემიერო ჩვენებიდან ორი დღით ადრე, თეატრის ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გეგა გაგნიძე, თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბათუმის დრამატული თეატრი კატეგორიულად ემიჯნება თეატრის სივრცის პოლიტიზირებას. პოლიტიკის შემოტანა სცენაზე სცილდება ხელოვნების ჩარჩოებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს.

შესაბამისად, დაგეგმილი სპექტაკლი რომლის შინაარსიც  არ შეესაბამება აღნიშნულ პრინციპებს, უქმდება.

ბათუმის დრამატული თეატრი კვლავ გააგრძელებს მაყურებლისთვის მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე სპექტაკლების შეთავაზებას და დარჩება კულტურისა და ხელოვნების სივრცედ, თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან.

ბოდიშს ვუხდით ჩვენს მაყურებელს აღნიშნული დისკომფორტისთვის. შეძენილი ბილეთების თანხა მაყურებელს სრულად დაუბრუნდება”,  – ეს განცხადება თეატრმა თავის საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. 


რეაქცია 

 

რეჟისორი გეგა გაგნიძე ჯერ არ გამოხუმაურებია სპექტაკლის ცენზურას. თუმცა არაერთმა ადამიანმა გამოუცხადა მას სოლიდარობა და გააკრიტიკა ცენზურა თეატრში. 

დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმის თეატრს  მისი ძველი პიესის დადგმის უფლება მისცა:

“თუ გეგა გაგნიძის ადგილი არ არის მაგ თეატრში, არც ჩემი პიესის ადგილია იქ. სოლიდარობა გეგა გაგნიძეს, სოლიდარობა ბათუმის თეატრის მსახიობებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე”,- წერს ჩიღვინაძე. 

“ვიფიქრე, ქანთარიას წასვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვლებოდა და ამიტომ დავთანხმდი. ახლა გავიგე, რომ გეგა გაგნიძის სპექტაკლი მოუხსნიათ იმ აბსურდული მოტივით, რომ თურმე გეგა „სუბიექტურ პოლიტიკურ აქტს“ გეგმავდა.

ამას ხაზგასმით ამატებენ, რომ თურმე “პოლიტიკის შემოტანა სცენაზე სცილდება ხელოვნების ჩარჩოებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს” – თუ რამე სცილდება ხელოვნების ჩარჩოებს, ბათუმის თეატრის ეს სამარცხვინო განცხადებაა. სინამდვილეში, აი, რა არის პოლიტიკური, ოღონდ დუმილის, სტატუს-კვოს შენარჩუნებისა და თვალების დახუჭვის მდარე პოლიტიკა.

თეატრი თავისი ბუნებით, ანტიკური ხანიდან დღემდე, პოლიტიკურია. 

თეატრი, სადაც არ აწუხებთ, არ აპროტესტებენ, თეატრი კი არ არის – საბანკეტო დარბაზია”, – ამბობს დრამატურგი. 

გოგი გვახარია, კინომცოდნე, რომელიც წლებია ცენზურას იკვლევს, ამბობს:

“ათი წელია ცენზურის ისტორიას ვსწავლობ. მართალია, მხოლოდ კინოში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ჰოდა, არ მახსოვს შემთხვევა, ცენზორს  ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს”. 

“სტალინი და მისი “რედაქტორებიც” კი , როცა რამეს იწუნებდნენ ან კრძალავდნენ, ამას ხსნიდნენ “ისტორიის ცუდი ცოდნით”(“ივანე მრისხანე”), ფორმალიზმით (“ჩემი ბებია”), უკონფლიქტობით (აბრაამ რომის “მკაცრი ყმაწვილი”), ნაციონალიზმით (სავჩენკოს “ბედნიერება”)… აღარაფერს ვამბობ შემდგომ ეპოქებზე  – “მაყურებელი ტოვებს დარბაზს” (“დიდი მწვანე ველი”), “მრუდე სარკეში დანახული სინამდვილე” (“გიორგობისთვე”), პორნოგრაფია (“ანდრეი სმირნოვის “შემოდგომა”), – ამბობს გვახარია.



მასალების გადაბეჭდვის წესი