საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ ესმის აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს შეიარაღეებული ძალებისთვის დახმარების შეჩერებაზე. პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ საკითხს „უთუოდ გაარკვევს“.
ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლების ბრალდებების ფონზე, მისთვის გასაგებია აშშ-ის რეაგირება, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ არ ეთანხმება ჯარისთვისა და ლუგარის ლაბორატორიისთვის დახმარების შეზღუდვას.
„მე არ მიკვირს აშშ-ის რეაგირება, განცხადებები. სხვანაირად როგორ უნდა იყოს, როცა 30 წელიწადზე მეტია, ყველანაირად ეხმარები ქვეყანას სახელმწიფოს მშენებლობაში, რომ ფეხზე დადგეს… უცებ, გაუგებრად, ახსნის გარეშე, გეძახიან მტერს, რაღაცებს გაბრალებენ, შემოდის გაუგონარი და გაუგებარი შეთქმულების თეორიები… რანაირად უნდა რეაგირებდეს აშშ?! ცხადია, მათი მკაფიო და მკაცრი რეაგირება მოსალოდნელი იყო. [..]
ამერიკა ხომ არ არის შენი პატარა ბავშვი, რომელსაც აბურთავებ? არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო. ასე ექცევი და ჰგონია, რომ რეაგირებაც არ ექნება?
ვწუხვარ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. მაგრამ, ორი რამე არ მესმის, – დანარჩენი [აშშ-ის ნაბიჯი] ყველაფერი სწორია და უნდა გამოვასწოროთ, – ჩვენი ჯარისთვის ბიუჯეტის შეზღუდვა და, ეს ბოლომდე არაა დადასტურებული, ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეზღუდვა. ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება დაისაჯოს, უნდა დასაჯო მთავრობა. მაგრამ ჯარი, რომელზეც დგას სახელმწიფო და თავდაცვა, არ შეიძლება დაისაჯოს. ეს ცოტა ვერ გავიგე და უთუოდ გავარკვევ. წვრთნების გადადება გასაგებია, მაგრამ ჯარისთვის ხელის ხლება არ შეიძლება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა 5 აგვისტოს პრესკონფერენციაზე.
რა დახმარება შეუწყვიტა აშშ-მ საქართველოს? იხილეთ: