თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება მარიამ მეყანწიშვილის საქმიდან შალვა პაპუაშვილის პოსტის ამორიცხვის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ხვალ, 10 დეკემბერს, საქმის არსებითი განხილვა დაიწყება იმ მტკიცებულების გარეშე, რომლითაც ადვოკატები აპირებდნენ აქტივისტის სისხლისსამართლებრივი დევნის პოლიტიკური მოტივების დადასტურებას.

პირველ ინსტანციაში მოსამართლე მეია მელქაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციის მოსამართლემ, სერგო მეთოფიშვილმა გადახედა, მაგრამ არ შეცვალა. მეყანწიშვილის ადვოკატი, ანა ბერია წერს, რომ ეს გადაწყვეტილებები უკანონოა.

“შალვა პაპუაშვილი მარიამ მეყანწიშვილს მოიხსენიებს ძალადობრივი დაჯგუფების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დაცვის მხარისათვის ცნობილი მუხლი, რომლის ჩადენასაც ედავებოდნენ მარიამ მეყანწიშვილს, გამომდინარე იქიდან, რომ მას ბრალი წარედგინა დროებითი მოთავსების იზოლატორში 2025 წლის 18 ოქტომბერს. (პოსტი განთავსებულია 17 ოქტომბერს) ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოცემული განცხადება ადასტურებს, რომ:
  • მარიამ მეყანწიშვილის დაკავება არის პოლიტიკური დაკვეთა;
  • ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია;
  • ადგილი ჰქონდა მის მიმართ ცილისწამებას;
  • პოლიტიკური თანამდებობის პირი აქვეყნებს სისხლის სამართლის მთავარ მტკიცებულებას – ვიდეომასალას, მაშინ როდესაც ეს დაცვის მხარისთვისაც კი უცნობი იყო.

მსჯელობის მიღმა, რომ დავტოვოთ წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულების რელევანტურობის შეფასების გადაწყვეტილების უკანონობა, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტები”, – წერა ბერია სოციალურ ქსელში.

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოსტის საქმიდან ამორიცხვა პროკურორმა ლაშა ცხვიტარიამ 27 ნოემბერს, წინასასამართლო სხდომაზე მოითხოვა. პროკურორმა თქვა, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირის შეფასება ამა თუ იმ საკითხზე არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განსახილველ საკითხს.

საპასუხოდ მეყანწიშვილის ადვოკატებმა იქვე განმარტეს, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მხოლოდ კანონიერება მოწმდება და არა მისი შინაარსი. მათ მოსამართლეს მოუწოდეს, განეხილა მხოლოდ ის, კანონიერად არის თუ არა მოპოვებული და საქმეზე დამაგრებული აღნიშნული მტკიცებულება, ხოლო მის შემხებლობას საქმესთან არსებითი განხილვის ეტაპზე უკვე სხვა მისამართლე შეამოწმებდა.

თუმცა მეია მელქაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მეყანწიშვილის საქმიდან ამორიცხა მტკიცებულება. მოსამართლეს არ უთქვამს, რომ პრობლემურია მტკიცებულების მოპოვების კანონიერება, მაგრამ თქვა, რომ მას განიხილავს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შემხებლობის ასპექტში.

საუბარია პოსტზე, რომელიც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მეყანწიშვილის დაკავების დღეს გამოაქვეყნა და აქტივისტი “ექსტრემისტად” და “ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთ ორგანიზატორად” მოიხსენია.

მოგვიანებით მეყანწიშვილს მართლაც წარუდგინეს ბრალი “ჯგუფური მოქმედების ორგანიზების” მუხლით. თუმცა იმ დროისთვის, როცა პაპუაშვილმა ის საჯარო პოსტით დაადანაშაულა “ძალადობის ორგანიზებაში”, მეყანწიშვილისთვის ბრალდების დადგენილება არ იყო გამოცემული. აქტივისტის ადვოკატების აზრით, სწორედ ეს ადასტურებს, რომ მეყანწიშვილის დაკავება და მისი სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურადაა მოტივირებული.

მარიამ მეყანწიშვილი  17 ოქტომბერს, გამთენიისას დააკავეს. შსს-მ ის 4 ოქტომბრის საქმის ფარგლებში დააკავა, პროკურატურამ კი ბრალი “ჯგუფური მოქმედების ორგანიზების” მუხლით წარუდგინა. გამომდინარე იქიდან, რომ მეყანწიშვილი მცირეწლოვანი ბავშვის მარტოხელა დედაა, დაკავებიდან ორი დღის შემდეგ საპატიმრო გირაო შეუფარდეს. 5000 ლარი მას მხარდამჭერებმა 10 წუთში შეუგროვეს, რის შემდეგაც იზოლატორი დატოვა.

4 ოქტომბრის დაკავებული 64 ადამიანის საქმე ხუთ ნაწილადაა გაყოფილი. მათ დიდ ნაწილს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ამავე თემაზე: