ახალი ამბები

მწერალი ტორესა მოსი “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” თელავის ოფისს უხელმძღვანელებს

20 ნოემბერი, 2015 • 2719
მწერალი ტორესა მოსი “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” თელავის ოფისს უხელმძღვანელებს

ტორესა მოსი “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის ერთ–ერთი დამფუძნებელია. მისი განცხადებით, გირჩი დაფუძნდა იმ იდეით, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სამოქალაქო აქტივიზმის გამოცდილება და ახალმა სახეებმა მიიღონ მონაწილეობა პრობლემების მოგვარებაში. 

 

“მე ვინაიდან ყოველთვის ვიყავი სამოქალაქო აქტივისტი, ძალიან ბევრ პრობლემაზე მაქვს ნაფიქრი და მაქვს ჩემი დამოკიდებულებები, გადავწყვიტე, რომ ახლა არის ის დრო, როდესაც შეგვიძლია, რომ კონკრეტული საქმეებით დავეხმარო იმ რაღაცების კეთებას, რომლებიც სულ მაღელვებდა და მაწუხებდა,”– განაცხადა მან ნეტგაზეთთან საუბრისას. 

 

ტორესა მოსის თქმით, მას აქვს კონკრეტული შესაძლებლობები, რომლის გამოყენებასაც აპირებს:

 

“ეს იქნება სხვადასხვა ტიპის კულტურული ღონისძებები, პირველ რიგში, და ასევე ვაპირებთ, რომ სადისკუსიო ველი გავხსნათ იმ პრობლემებზე, რომელიც თელაველებს ძალაინ ბევრი წელია აწუხებთ. მაგალითად, ეს არის წყლის პრობლემა და სხვა სოციალური პრობლემები,” – განაცხადა მან. 

 

ტორესა მოსი 2 წიგნის ავტორია: სიბრძნე სიცრუისა“ და “მე/შენ ქრისტე ხარ“. 2014 წელს წიგნმა “სიბრძნე სიცრუისა” პრემია “საბა” ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში აიღო.  

ტორესა მოსი
ტორესა მოსი

 

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი”  ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან 2015 წლის მაისში წასულმა დეპუტატებმა – ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ შექმნეს.

 

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი” აცხადებს, რომ მათთვის მოქალაქეებთან ძირითადი საკომუნიკაციო პლატფორმა იქნება სოციალური ქსელები და თანამედროვე ტექნოლოგიები.

 

“ჩვენ შევქმნით პირველ პარტიას საქართველოში, რომელიც პარლამენტში შევა ძირითადად თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით,”– აცხადებენ ისინი.

 

გარდა ამისა, პარტიას დეკლარირებული აქვს, რომ არ იღებენ “ფაშისტებს, ჰომოფობებს, ქსენოფობებს, პროოკუპანტებს”.  

 

ამჟამად ახალ პოლიტიკურ ცენტრს 4 ოფისი აქვს: ქუთაისში, თბილისში, თელავსა და გორში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი