ახალი ამბები

გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელმაც საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობა გადაიღო

18 ნოემბერი, 2015 • 1933
გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელმაც საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობა გადაიღო

 

ნათია ცინცაძე
ნათია ცინცაძე

ბაღის აღმზრდელი ნათია ცინცაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ის ავადმყოფობს და შესაბამისი სამედიცინო ცნობის საფუძველზე სამსახურში არ დადის. მან ასევე იცის, რომ დისციპლინური კომისიის ხელმძღვანელმა, ბაღების გაერთიანების იურისტმა გიორგი სურმანიძემ #6 ბაღის თანამშრომლებს ნათია ცინცაძის გათავისუფლების შესახებ აცნობა. „მე, ალბათ, ამის შესახებ 27-ში მაცნობებენ, როცა გავალ სამსახურში“, – ამბობს ბაღის აღმზრდელი ნათია ცინცაძე, რომელიც აპირებს დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

 

ნათია ცინცაძე ამბობს, რომ ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტის გასაჯაროების გამო ისჯება, თორემ მის წინააღმდეგ რამე ინფორმაცია რომ ჰქონოდათ, ამ ფაქტს არ დაელოდებოდნენ.

 

ნათია ცინცაძე ყვება, თუ რა მოიმოქმედა კადრების გადაღების შემდეგ: „სასწარფოდ ჩავედი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, გურანდა გობაძესთან, რომელმაც მითხრა, რომ ფაქტი არ უნდა გამეხმაურებინა. ჩემი ცვლა იყო პირველის ნახევრიდან შვიდის ნახევრამდე, მაგრამ გურანდა გობაძემ იმ დღეს გამათავისუფლა და მითხრა, რომ დავმშვიდებულიყავი. როცა დავრწმუნდი, რომ გურანდა გობაძე არაფრის გაკეთებას არ აპირებდა, შვიდის ნახევარზე დავუკავშირდი ბაღების გაერთიანების დირექტორს ქალბატონ ზაირა ქაჯაიას. მან გვითხრა, რომ აქ არ არის ისეთი ფაქტი და ძალიან გთხოვთ დამშვიდდითო. იქიდან პირდაპირ გიორგი ერმაკოვთან [ბათუმის მერი] შევიტანე ეს ვიდეო. ერმაკოვმა სასაცილო რამე მითხრა – რატომ არ გალახე ის ძიძაო“.

 

ნათია ცინცაძე მის მიმართ დისციპლინური კომისიის სავარაუდო პრეტენზიას – მიატოვა ჯგუფი და კადრები გადაიღო, არ იზიარებს: „ჩვენ ორი აღმზრდელი ვართ ჯგუფში. ამ დროს მე მქონდა უფლება ჯგუფიდან გამოსვლის, ბავშვები რომ მიტოვებული მყოლოდა, მაშინ კი იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ბავშვებთან სხვა აღმზრდელი იყო და მე მქონდა გარეთ გამოსვლის უფლება“.

 

ნათია ცინცაძე ამბობს, რომ დისციპლინური კომისია მას არც შეხვედრია და კითხვები არც სხვა ფორმატში დაუსვამს. 

 

ბაღების გაერთიანების იურისტმა, გიორგი სურმანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ნათია ცინცაძის გათავისუფლებაზე დისციპლინურმა კომისიამ დასკვნა გასულ პარასკევს დაწერა. მისივე თქმით, ამ საკითხზე განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.

 

ბავშვზე ძალადობაში მხილებული ძიძა სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი