პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გიორგი გაბიტაშვილის გენერალურ პროკურორად არჩევას მხარი დაუჭირა.
კომიტეტის სხდომა, სადაც გაბიტაშვილს მოუსმინეს, დღეს, 18 ივლისს, დილით გაიმართა.
ამასთან, კომიტეტის გადაწყვეტილებით, გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭს დღესვე, განხილვის გარეშე, უყრიან. პარლამენტი გენერალურ პროკურორს 6 წლის ვადით ირჩევს და ამისთვის 76 ხმა სჭირდება, რისი რესურსიც მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობასაც აქვს.
გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილეა.
როგორც კომიტეტში მოსმენისას გაბიტაშვილმა განაცხადა, პროკურატურა პოლიტიკური გავლენებისგან სრულიად დამოუკიდებელია და მისი არჩევის შემთხვევაშიც ასე დარჩება.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი შოთაძემ მაისში თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.
რაც შეეხება გიორგი გაბიტაშვილის სამუშაო გამოცდილებას:
- 2013 წლის 13 ივნისიდან დღემდე გიორგი გაბიტაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა.
- გიორგი გაბიტაშვილმა მუშაობა დაიწყო 2007 წელს საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების პროგრამით. სტაჟირების დასრულების შემდეგ დაინიშნა პროკურორად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში.
- 2009 წელს გიორგი გაბიტაშვილი დააწინაურეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსად, სადაც საქმიანობდა 2013 წლამდე.
- 2013 წლის 14 იანვრიდან გიორგი გაბიტაშვილმა პროფესიული საქმიანობა გააგრძელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.