ახალი ამბები

პრემიერი: ყველანი – კაცებიც და ქალებიც თანასწორობის მხარეს უნდა ვიდგეთ

10 ნოემბერი, 2015 • • 1345
პრემიერი: ყველანი – კაცებიც და ქალებიც თანასწორობის მხარეს უნდა ვიდგეთ

“გენდერული თანასწორობის თემაზე მსჯელობა პირადად ჩემთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, რომ ქალების და კაცების თანასწორობა ჩვენთვის არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, პირადად მე სწორედ ამ ტრადიციებით გავიზარდე და თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომლის ყველაზე დიდმა მოაზროვნემ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში თქვა, რომ ქალი და კაცი არის თანასწორი. ამიტომაც არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული ქალების მიმართ ის დისკრიმინაცია და ის ძალადობა, რასაც თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით მთელ მსოფლიოში. არ არსებობს გარემოება, რომლითაც შეიძლება ამის გამართლება. სწორედ ამიტომ ჩვენ, ყველანი, კაცებიც და ქალებიც თანასწორობის მხარეს უნდა ვიდგეთ, რათა ყველა ადამიანს დედამიწაზე მიეცეს თანაბარი და თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისი თქმით, ძნელი წარმოსადგენია ის, რომ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც გაეროს მხოლოდ წლევანდელი მონაცემებით, 39 მლნ გოგონას არ მიეცა სასკოლო განათლების საშუალება, 774 მლნ ზრდასრული ქალის 2/3-ს ასევე არ მიეცა განათლების საშუალება.

 

“მოდით, დავფიქრდეთ, რამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიოში ღარიბი მოსახლეობის 70% არის სწორედ ქალი?! როგორ უნდა ვიცხოვროთ ისეთ სამყაროში, სადაც ყოველი სამი ქალიდან ერთი განიცდის ძალადობას გენდერული ნიშნით?! და ძალიან ცოტაა ისეთი ქალი, რომელსაც შესწევს უნარი იბრძოლოს და შეცვალოს არსებული რეალობა.

 

პეკინის მოქმედებათა პლატფორმის 20 წლის მიმოხილვის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი არის ძალიან ნელი, წინსვლა არის და პრობლემა ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც თანდათანობით მცირდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესი კიდევ უფრო საგრძნობი იქნება მომავალში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

მისი თქმით, გაეროს წევრმა ქვეყნებმა მიზნად დაისახეს 2030 წლისთვის მიაღწიონ პრინციპს – “პლანეტა 50/50”.

 

“პირადად მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან ამბიციური მიზანი, მაგრამ მჯერა, რომ ამის მიღწევა სავსებით შესაძლებელია. პირადად მე და ჩემი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ამ მიზანს მივაღწიოთ და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ჩვენ ბოლო წლებში არსებითი პროგრესი გვაქვს: შარშან ჩვენ მივიღეთ ადამიანის უფლებათა სტრატეგია და ასევე სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. აგრეთვე მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი გასულ წელს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას, ასევე, ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიმართულებით და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეს ძალისხმევა აისახება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებშიც”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისი თქმით, საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პარტნიორობას ევროპის კავშირთან. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ დღეს თბილისში გაიხსნა. ღონისძიებას ევროკავშირის ინსტიტუტების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალურ პირებთან ერთად, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონის ქვეყნებიდან 250-მდე წარმომადგენელი ესწრება. მათ შორის, მონაწილეები სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიური წრეებიდან, ასევე- გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და NATO-ს წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი