ბრიტანული გამოცემის ცნობით, შავი ფერის სამოსში გამოწყობილი აქტივისტები მიწაზე დაწვნენ და ასე მიაგეს პატივი წლების განმავლობაში მოკლულ ათასობით ქალს. როგორც “ბიბისი” წერს, აქტივისტებმა ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობას “მაჩოების ტერორიზმი” უწოდეს.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორების თქმით, ოჯახური ძალადობის შესახებ კანონი უნდა შეიცავდეს ყველა სახის ძალადობის აკრძალვას ქალზე. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, მადრიდში გენდერული ნიშნით ძალადობის საწინააღმდეგო აქციას ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დაესწრო. საპროტესტო მსვლელობას ესპანეთში არსებული ყველა არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ოლგა არანზამ, “ასოშიეტიდ პრესსთან” საუბრისას განაცხადა, რომ ასეთ ღონისძიებებში მისნაირი ქალების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება თავი დააღწიო ოჯახურ ძალადობას.
“ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა დაჩაგრულ ქალს შეუძლია ასევე განთავისუფლდეს ძალადობისგან და ისინი იმსახურებენ უკეთეს ცხოვრებას. თქვენ მართლა შეგიძლიათ თავი დააღწიოთ ძალადობას,” – განაცხადა ოლგა არანზამ.
ევროკავშირის 2013 წლის მონაცემებით, მთელი ევროპის მასშტაბით 13 მილიონი ქალი განიცდიდა ფიზიკურ ძალადობას. როგორც “ბიბისის” კორესპონდენტი იტყობინება, ესპანეთში ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია და აქცია პოლიტიკური სვლა იყო, რადგან 6 კვირაში ესპანეთში საყოველთაო არჩევნები იწყება.




