ახალი ამბები

პრეზიდენტი მმართველ კოალიციას მიმართავს, თავი შეიკავონ არადიპლომატიური გამონათქვამებისგან

6 ნოემბერი, 2015 • 1178
პრეზიდენტი მმართველ კოალიციას მიმართავს, თავი შეიკავონ არადიპლომატიური გამონათქვამებისგან

“რუსთავი 2”-ის  საქმის ირგვლივ 2 კვირის წინ  შექმნილი დაძაბული ვითარება  საზოგადოების ყველა სეგმენტის აქტიურობით  განიმუხტა.

 

თუმცა დღეს ისევ რთული გარემოების წინაშე აღმოვჩნდით, რაც ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და საერთაშორისო რეპუტაციას აზარალებს – ამ შეფასებებში ერთიანია საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, დიპლომატები, სახალხო დამცველი,  პოლიტიკური  პარტიები, მათ შორის მმართველ კოალიციაში შემავალი სუბიექტების ნაწილიც.

 

მივმართავ  მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს –  თავი შეიკავონ  არადიპლომატიური გამონათქვამებისაგან  და სიტუაციის შეფასებისას ნუ შემოიფარგლებიან  მხოლოდ  ფორმალური განცხადებებით.

 

მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა.

 

გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დასაცავად.

 

აწარმოოს  დიალოგი საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან, რომელიც  ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია.

 

ჩვენ არ შევდივართ კონკრეტული სამართლებრივი დავის განხილვაში, თუმცა უნდა ვაღიაროთ,  რომ განვითარებული პროცესები უარყოფით გავლენას  ახდენს როგორც ქვეყნის  შიდა ვითარებაზე, ასევე  ჩვენს საგარეო  იმიჯზე.

 

უმნიშვნელოვანესია, რომ არავის დარჩეს კითხვები  საქართველოში მართმსაჯულების დამოუკიდებლობის  და მედიის თავისუფლების ხარისხსთან დაკავშირებით.

 

ჩვენი ვალია  –  უზრუნველვყოთ  და დავიცვათ კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო, სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლება, საკუთრების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, არჩევანის თავისუფლება.

 

ჩვენი ვალია გავაძლიეროთ და არ დავაზარალოთ ქართული სახელმწიფო,”– განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

 

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით 2015 წლის 2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ზოგადი მექანიზმის  (268 მუხლის პირველი პუნქტის “ზ” პუნქტი) მოქმედება შეაჩერა. თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 3 ნოემბერს გამოიტანა, რომლის თანახმად, ქიბარ ხალვაშს რუსთავის 2-ის წილების 100% მიაკუთვნა. 5 ნოემბერს კი მოსამართლე თამაზ ურთმელიძის  განჩინების თანახმად, რუსთავი 2–ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დანიშნენ, ნიკა გვარამიას და კახა დამენიას კი უფლებამოსილებები შეუწყდათ.

გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – პრეზიდენტის Facebook გვერდიდან
გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – პრეზიდენტის Facebook გვერდიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი