ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საელჩოების განცხადება რუსთავი 2-ზე

6 ნოემბერი, 2015 • • 933
აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საელჩოების განცხადება რუსთავი 2-ზე

“საკონსტიტუციო სასამართლოს ახლახან მიღებული დროებითი გადაწყვეტილებისა და რუსთავი 2-ის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს არსებითი განაჩენის ფონზე, რომელიც განაჩენის დაუყოვნებელ აღსრულებას არ ითვალისწინებს, 5 ნოემბერს მიღებული პრევენციული ზომები წარმოშობს სერიოზულ კითხვებს საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით”, – წერია ერთობლივ განცხადებაში.

 

აქვე ნათქვამია, რომ აღნიშნულმა საელჩოებმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადეს, რომ მედიის თავისუფლება და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა დემოკრატიის მნიშვნელოვანი საფუძველია.

 

“დემოკრატიულ საზოგადოებებში განსხვავებულ მოსაზრებებს ხელი უნდა შეეწყოს. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პირს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისა თუ განცხადებისაგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ქართულ მართლმსაჯულებას, აღნიშნული საქმე მიუკერძოებლად განსაჯოს. მთავრობამ და მართლმსაჯულების ინსტიტუტებმა უნდა დაიცვან მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რომლებიც საქართველოს გაცხადებული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია. გავაგრძელებთ მოვლენებზე ყურადრებით დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში კვლავ გავუზიარებთ წუხილს ყველა შესაბამის მხარეს”, – წერია განცხადებაში.

 

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით, რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ. ტელეკომპანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

 

 

 

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი