ახალი ამბები

„რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“ — სენატორი საქართველოში წვრთნების უვადო გადადებაზე

9 ივლისი, 2024 •
„რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“ — სენატორი საქართველოში წვრთნების უვადო გადადებაზე

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ეხმაურება საქართველოში სამხედრო წვრთნების უვადოდ გადადებას და ამბობს, რომ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მხრიდან ეს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.

ამის შესახებ სენატორმა სოციალურ ქსელ „X“-ზე დაწერა.

„რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო თავდაცვის დეპარტამენტმა, რომ გადაედო მოახლოებული სამხედრო წვრთნები საქართველოში. ეს შეფერხება შეესაბამება იმ პრინციპებს, რაც ჩაიდო კომიტეტის მიერ მიღებულ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში და რომელიც მოითხოვს საქართველოსთან თავდაცვითი თანამშრომლობის გადახედვას მას შემდეგ, რაც იქ უცხოური აგენტების შესახებ კანონი მიიღეს“, – წერს სენატორი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოში 25 ივლისი — 6 აგვისტოს შუალედში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“. როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში.

„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში 2016 წლიდან ყოველწლიურად ტარდებოდა და მასში მონაწილეობდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, ნატოს ქვეყნების 2 ათასზე მეტი სამხედრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი