ახალი ამბები

EMC: ხელისუფლების რადიკალური და ხისტი მეთოდები ქმნის დაპირისპირების რისკებს

6 ნოემბერი, 2015 •
EMC: ხელისუფლების რადიკალური და ხისტი მეთოდები ქმნის დაპირისპირების რისკებს

განცხადაბაშა ნათქვამია, რომ ხელისუფლების რადიკალური და ხისტი მეთოდები ღიად ზღუდავს მედიის თავისუფლებას და ქმნის დაპირისპირების რისკებს. 

 

“იმ პირობებში, როდესაც რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოს უკვე ჰქონდა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ყადაღის სახით და არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების პროცესში სასამართლოს მაღალი დისკრეციის მიმნიჭებელი ნორმის მოქმედება შეაჩერა, სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინება, ფაქტობრივად და სამართლებრივად, კიდევ უფრო დაუსაბუთებელი ჩანს”. 

 

EMC-ს განცხადებაში წერია, რომ სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებაში მსჯელობს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკასა და მოქმედი მენეჯმენტის პირობებში მედიის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვის პრობლემაზე, რაც სასამართლოს მხრიდან  მედიის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის ფორმას წარმოადგენს და მთლიანად გადის საქმის სამართლებრივი განხილვის ფარგლებიდან.  

 

“მაშინ, როდესაც სამართლებრივი პროცედურების ჩარჩოებში გაჩნდა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებისა და შესაძლო ესკალაციის პრევენციის მოლოდინი და რესურსი, სასამართლოს მიერ 5 ნოემბერს, ზეპირი განხილვის გარეშე, მიღებულმა საეჭვო და დაუსაბუთებელმა გადაწყვეტილებამ, ასევე, მანამდე, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა, შექმნა განცდა, რომ ხელისუფლება მიმართავს რადიკალურ და ხისტ ზომებს, რითიც აძლიერებს საზოგადოებაში პოლარიზებისა და ძალადობის გამოყენების რისკებს”.

 

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლების მიერ გამოყენებული მეთოდები, ერთი მხრივ, ღიად აჩვენებს მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზებისა და კონტროლის პრობლემას, მეორე მხრივ კი, ქმნის საზოგადოებაში სოციალური და პოლიტიკური დაპირისპირების საფრთხეებს, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და შეაფერხებს ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმებსა და ძალისხმევას.

 

“საზოგადოების მკვეთრი პოლარიზებისა და მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, დაპირისპირებისა და რეპრესიის დაშვება უკონტროლო პროცესების განვითარების რისკებს შეიცავს”.

 

შესაბამისად, EMC მოუწოდებს:

 

ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, დაუყოვნებლივ გაატარონ ყველა ღონისძიება ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და გააცნობიერონ ის პოლიტიკური და სოციალური შედეგები, რომელიც შეიძლება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებსა და პროცესების ესკალაციას მოყვეს;

 

ხელისუფლებას, იმოქმედოს კანონის სრული დაცვით, არც ერთ შემთხვევაში არ გამოიყენოს რეპრესიული ინსტრუმენტები რუსთავი 2-თან დაკავშირებულ პროცესებში და მაქსიმალურად დაიცვას შეკრების მონაწილეების უსაფრთხოება და მათი  გამოხატვის თავისუფლება;

 

პროცესის ყველა მონაწილესა და პოლიტიკურ ძალებს, დარჩნენ კანონის ფარგლებში და არ გავიდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი