ახალი ამბები

ლევან ვასაძის ინიციატივით, 16-18 მაისს თბილისი ოჯახების მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს

5 ნოემბერი, 2015 • 3128
ლევან ვასაძის ინიციატივით, 16-18 მაისს თბილისი ოჯახების მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს

საქართველოს მასპინძელ ქვეყნად წარდგენის ინიციატივა დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მმართველს, ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ეკუთვნის, რომელიც ახლა უკვე საქართველოში ოჯახების მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლობას უხელმძღვანელებს.

ლევან ვასაძე თავად დაესწრო ცერემონიას და მიიღო მილოცვა კონგრესის დირექტორის, ლარი ჯეიკობსისგან მასპინძელი ქვეყნის სახელით. როგორც ვასაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, კონფერენციის მასპიძლობა ქართველი ხალხისათვის დიდი პატივია.

სამდღიანი კონფერენციისა და ფესტივალის ფარგლებში, თბილისში 3000-მდე დელეგატი დაახლოებით 80 ქვეყნიდან ჩამოვა. 2016 წელს კონფერენციის მთავრი თემაა:  “ცივილიზაციის გზაჯვარედინზე: ბუნებრივი ოჯახი როგორც ჰუმანური ღირებულებების სიმაგრე.”

როგორც, WCF-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 16-18 მაისი კონფერენციის ქართველმა ორგანიზატორებმა სიმბოლურად შეარჩიეს, რადგან 17 მაისს საქართველოში “ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე” აღინიშნება.

როგორც ლევან ვასაძე აცხადებს, კონფერენცია საქართველოში ოჯახის ინსტიტუტის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

“სახელმწიფო განვითარებისათვის და წინსვლისათვის მთავარი ხერხემალი არის ტრადიციული ოჯახი, ის ამრავლებს დემოგრაფიას, რომელიც მერე ქმნის ეკონომიკას და კულტურას და ის არის ღერძი, რომელზეც უნდა აიკინძოს საქართველოს წინსვლა. თუკი ჩვენ გავაგრძელებთ ქადაგებას, აი, ამ რაღაც ფსევდოღირებულებების, ვითომ ჰუმანურობის, რომლებიც შეურაცხყოფს არა მხოლოდ კავკასიელს, არამედ საერთოდ ადამიანს, მაშინ ჩვენ ჩვენთვის არაორგანულ, დაღრეცილ გზაზე შევდგებით, რომელიც კარგ ადგილას არ მიგვიყვანს. დასავლეთში მაგ იდეოლოგიამ დაანგრია ისტორიაში ყველაზე მეტი ოჯახი,” – განაცხადა ლევან ვასაძემ ტელეკონპანია “მაესტროს” ეთერში.

WCF-ის საიტზე შესაძლებელია იმ მოთხოვნათა კრიტერიუმების პოვნა, რომელსაც მასპინძელი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს. შერჩევა ვებ-გვერდზე მიღებული განაცხადების საფუძველზე ხდება. ორგანიზაცია, რომელსაც სურვილი ექნება კონფერენცია მის ქვეყანაში გაიმართოს, ვალდებულია წარადგინოს სრული ბიზნესგეგმა. ასევე, გაწეროს მთავრობის, მედიის და ადგილობრივი ინსტიტუტების ჩართულობის ფორმები. ამასთანავე პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ კანდიდატს, რომელიც საკუთარ ხარჯებს დამოუკიდებლად დაფარავს და რომლის ფონდშიც მინიმუმ 500 000 $ დოლარი იქნება ღონისძიებამდე 6 თვით ადრე.

ოჯახების მსოფლიო კონგრესი (WCF) საერთაშორისო ქსელია, რომელიც ალან კარლსონმა 1997 წელს დააარსა. ქსელის მთავარი მიზანი ოჯახის, როგორც უმაღლესი ღირებულებისა და ფუნდამენტური სოციალური ერთობის დაცვაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი