ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალურ-დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ.
„დოკუმენტში მხარეთა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია განსაზღვრული. მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალურ-დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული თანამშრომლობა შექმნის მეცნიერულად დასაბუთებულ, მყარ საფუძველს საქართველოს სოციალურ-დემოგრაფიული განვითარების, ოჯახის სტაბილურობის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისთვის.
ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-დემოგრაფიული პროცესების ანალიზის მიზნით, უნივერსიტეტი, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყოფს სამეცნიერო პოტენციალს, მათ შორის სტუდენტთა და დოქტორანტთა მონაწილეობას ერთობლივ სამეცნიერო კვლევებსა და პროგრამებში. ასევე, ხელს შეუწყობს შეხვედრებს, საჯარო გამოსვლებსა და ლექციებს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.