ახალი ამბები

ვოლსკი: დიასპორის სამინისტროს გაუქმება დღეს აქტუალური არაა, მაგრამ ხვალ შეიძლება იყოს

4 ნოემბერი, 2015 •
ვოლსკი: დიასპორის სამინისტროს გაუქმება დღეს აქტუალური არაა, მაგრამ ხვალ შეიძლება იყოს

საინფორმაციო-სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების საკითხზე მსჯელობა იყო, მათ შორის – პრემიერ-მინისტრთან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამასთან, ამავე სააგენტოს ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნული სამინისტროს გაუქმებას არ გამორიცხავენ, რადგან ფიქრობენ, რომ “დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფლებამოსილებები საგარეო უწყების საქმიანობის ერთგვარი გამეორებაა და საკონსულო სამსახურის დუბლიკატს წარმოადგენს”. “ინტერპრესნიუსი” იუწყება, რომ “უმრავლესობის წევრები არც იმას მალავენ, რომ “გაზპრომთან” დაკავშირებით დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის მიერ დაფიქსირებული უარყოფითი პოზიცია არ მოეწონათ”. საინფორმაციო-სააგენტო არ ასახელებს იმ პირთა ვინაობას უმრავლესობაში, რომლებმაც ამ საკითხებზე მათთან ისაუბრეს.

 

“ეს ყველაფერი არის ჭორები, საიდან მოდის, ვერ გეტყვით, თუმცა რეალობასთან სიახლოვე არ გააჩნია”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ვახტანგ მამალაძემ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, – “რა ინფორმაციაზე დაყრდნობით იძახიან [ჟურნალისტები] ამას, ვერ მაუბნებიან. არც განიხილება მსგავსი საკითხი”.

 

მამალაძის თქმით, მინისტრი გელა დუმბაძე ამჟამად საქართველოში იმყოფება, თუმცა თბილისში არ არის და მასთან დაკავშირება შეუძლებელია. მამალაძე ამბობს, რომ “გაზპრომთან” მთავრობის მოლაპარაკებების საკითხზე მინისტრის მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო, უშუალოდ გელა დუმბაძესთან არ გამოუთქვამთ საყვედური მთავრობის წევრებს და ამაზე არც მთავრობის სხდომაზე ყოფილა საუბარი.

 

“ვინ რას უკავშირებს, არ ვიცი, რეალურად, ერთი სულ სხვა საკითხია, მეორე სხვა – იმ [გაპრომის] თემამ ჩაიარა, ადამიანებმა თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს და მორჩა. გაზპრომზე არავისთან საუბარი არ ჰქონია ბატონ მინისტრს მთავრობაში”, – განაცხადა მამალაძემ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების საკითხი “დღესდღეობით აქტუალური არ არის, მაგრამ ხვალ შეიძლება აქტუალური გახდეს, ხვალ რომ ვამბობ, 5 ნოემბერს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ მომავალში. პირობითად ნებისმიერი საკითხი შეიძლება დადგეს”.

 

ვოლსკის თქმით, მან არ იცის, იყო თუ არა მთავრობაში ამ საკითხის განხილვა: “მოკლედ ჩემი კომენტარი არის ძალიან მოკლე – ეს საკითხი ჩემი მონაწილეობით არ განხილულა”, – გვითხრა მან.

 

რაც შეეხება გელა დუმბაძის განცხადებას “გაზპრომზე”, ამას ვოლსკი ასე აფასებს:

 

“მე ვფიქრობ, რომ სამინისტროს პროფილიდან გამომდინარე… შეიძლება როგორც რიგით ადამიანს, საკმაოდ განათლებულ და ინტელექტუალურ ადამიანს რაღაც ინფორმაციის ანალიზი ყველას, ისე როგორც მას, რასაკვირველია აქვს უნარი, მაგრამ როდესაც საკითხს ღრმად არ იცნობ, კომენტარის გაკეთება და რაღაც თემაზე ისეთი დაძაბული საუბარი და გაურკვეველი კომენტარები ვფიქრობ საჭირო არ არის, მითუმეტეს მთავრობის წევრი თუ ხარ.

 

უნდა იცოდე უფრო ღრმად საკთხი და სანამ ასეთ მწვავე განცხადებებს გააკეთებ, არამარტო შენს ინტელექტს უნდა დეყრდნო რომელიც ბატონ გელას გააჩნია ნამდვიალდ, არამედ უფრო ღრმად უნდა იყო ჩახედული საკითხში, მითუმეტეს როდესაც მთავრობის წევრი ხარ”.

 

რამდენიმე დღის წინ “ტაბულამ” გამოაქვეყნაგელა დუმბაძის კომენტარი გაზპრომთან მოლაპარაკებებზე, რომელშიც აღნიშნულია: “პირდაპირ გეტყვით, Gazprom-თან დაკავშირებულ ამბებს ვაფასებ ნეგატიურად, როგორც პიროვნება. გეტყვით, რა ჭრილში – არასათანადო დონის განმარტებითი ინფორმაცია იყო, რომელსაც მოჰყვა სხვადასხვა ინსინუაციები და საქმის რეალური ვითარება ბოლომდე ვერავინ გაიგო”. 

გელა დუმბაძე
გელა დუმბაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი