თბილისის მერიის განმარტებით, მათ თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. მერიის ცნობით, გიორგი არეშიძე კერძო სექტორში მიდის სამუშაოდ, ხოლო ბიძინა გიორგობიანი მერიის დაქვემდებარებულ სხვა სამსახურში იმუშავებს, თუ რომელში, ჯერ უცნობია.
“მინდა, რომ ჩემი სამომავლო გეგმები იყოს ჩემზე დამოკიდებული და ამ გეგმების განსახორციელებლად მჭირდება მეტი დრო”, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
ბიძინა გიორგობიანი თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი იყო, ხოლო გიორგი არეშიძე თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალქო სამსახურს ხელმძრვანელობდა 2014 წლის ოქტომბრიდან.
„გიორგი არეშიძემ, სამსახურის უფროსად მუშაობის პერიოდში, მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი სამუშაო გასწია. პირველ რიგში, აღსანიშნავია ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც ზაფხულში ჩატარდა და თბილისმა ღირსეულად უმასპინძლა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას. გარდა ამისა, იყო არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც გიორგი არეშიძის ხელმძღვანელობით მისმა სამსახურმა განახორციელა. რაც შეეხება ბიძინა გიორგობიანს, მან ღირსეულად გაართვა თავი დღეს არსებულ გამოწვევებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბიძინა გიორგობიანის ხელმძღვანელობით ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა შეიმუშავა მნიშვნელოვანი დოკუმენტი – თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020, რომელიც ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ და მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
ამ საკადრო ცვლილებების გარდა, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს დიმიტრი მოსულიშვილი უხელმძღვანელებს. აღნიშნული კანდიდატურა კონკურსის საფუძველზე კომისიამ შეარჩია და დღეს გამართულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობას დასანიშნად თბილისის მერმა წარუდგინა. ასევე, ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე კარლო ლაფერაძე დაინიშნა, ხოლო ტექნოლოგიური განვითარების ფონდს კახაბერ გვანცელაძე უხელმძღვანელებს.