რა არის თქვენი გაერთიანების, “ახალი სომხეთის” უმთავრესი ამოცანა?
პირველ რიგში, საზოგადოებრივი ხსნის ფრონტი შეეცდება, რომ მივაღწიოთ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. ახლა, როცა ქვეყანაში უკიდურესად მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა, დაძაბულია ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სახეზეა სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები, მათ შორის ისეთი, როგორიცაა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხე, ემიგრაცია, კორუფცია, აუცილებელია ამ არსებითი პრობლემების მოგვარება.
კონსტიტუციური რეფორმის, უფრო ზუსტად კი, ახალი კონსტიტუციის მიღების აუცილებლობა არც ადრე ყოფილა და არც ახლა არ არის. ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა ამ პრობლემებს და საკონსტიტუციო რეფორმით ცდილობს სხვა საკითხზე მიმართოს საზოგადოებრივი აზრი. ფაქტობრივად კი, ხელისუფლება მისი ძალაუფლების რეანიმაციაზე ფიქრობს. ამ ყველაფერზე ხალხის ნების ლეგიტიმური გამოვლინება შეიძლება იყოს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და არა ხელისუფლებისგან ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმები.
ფრონტმა უკვე ჩამოაყალიბა პოლიტსაბჭო, რომელშიც შედიან პარტია “მემკვიდრეობის” ლიდერი რაფი ოვანისიანი, მისი მოადგილე არმენ მარტიროსიანი, “წარმომადგენლობითი პარლამენტის” წევრები- ჟირაირ საფილიანი და გარეგინ ჩუკასზიანი, მოძრაობა “აღსდექ, სომხეთო”-ს კოორდინატორი ანდრეას გუკასიანი, პარტიის “დემოკრატიული სამშობლო” ლიდერი პეტროს მაკეიანი და მე.
პარტიული ინტერესები გვერდზეა გადადებული, რადგან ქვეყანა უფსკრულის ზღვარზეა, რომელშიც ნებისმიერ წუთს შეიძლება გადაიჩეხოს. ხალხს არ ჯერა პარტიების, ამიტომ ჩვენ გამოვრიცხეთ პარტიული მონაწილეობა მოძრაობაში და მივანიჭეთ მას ზეპარტიული ხასიათი.
თქვენი აზრით, რა არის ახალი კონსტიტუციის პროექტის მთავარი ხარვეზი?
ხელისუფლება წავიდა რეფერენდუმის გზით, რომ მიიღოს ახალი კონსტიტუცია ისე, რომ ფაქტობრივად ჩამოაჭრას მოქალაქეებს საარჩევნო უფლება. პრეზიდენტს აირჩევს პარლამენტი, რომელშიც მყარ უმრავლესობას ხელისუფლება აყალიბებს დღეს, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე ორი წლით ადრე. მყარი უმრავლესობის ხერხემალი იქნება ამჟამინდელი მმართველი “რესპუბლიკური პარტია”, რაც იქნება საბჭოთა ტიპის პოლიტბიუროს მსგავსი.
პირდაპირი არჩევნების ინსტიტუტი და მრავალპარტიული სისტემა – ეს არის ის, რასაც მივაღწიეთ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, როცა გადავლახეთ ტოტალიტარული რეჟიმის მემკვიდრეობა. ახლა ჩვენ გვართმევენ ამ დემოკრატიულ მონაპოვარს და გამოდის, რომ პრეზიდენტის ინიციატივით მივექანებით უკან – საბჭოთა ტოტალიტარიზმისკენ. ხდება საბჭოთა პერიოდის ნორმების რეანიმაცია, როცა ახალგაზრდებს შთააგონებდნენ, რომ კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი იყო კომპარტიის წევრობა. ახლა კი სომხეთში ახალგაზრდებს არწმუნებენ იმაში, რომ წინსვლისთვის საჭიროა “რესპუბლიკური პარტიის” წევრობა. მაგალითებისთვის კი მათ შორს წასვლა არ ჭირდებათ – “რესპუბლიკური პარტიის” წამყვანი ლიდერები არიან უმაღლესი სასწვალებლების საბჭოების ხელმძღვანელები. მაგალითად, თავად პრეზიდენტი სარგსიანი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოს თავმჯდომარეა, პრემიერ-მინისტრი აბრამიანი კი – სასოფლო-სამეურნეო აკადემიის საბჭოს თავმჯდომარე.
პოლიტიკური სისტემის არსში კომპარტიის წამყვანი როლის შესახებ საბჭოთა კონსტიტუციის მეექვსე მუხლის ანალოგია ახლა სომხეთის კონსტიტუციის პროექტში 89-ე მუხლი, სადაც წერია, რომ არჩევნების მიზანია ჩამოყალიბდეს მყარი უმრავლესობა. “პოლიტიკური სისტემის არსის” ცნების ქვეშ შემოდის “მყარი უმრავლესობის” გაგება. რა თქმა უნდა, სახელისუფლებო რესპუბლიკური პარტია არ მოიხსენიება, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკური სურათის კონტექსტიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სწორედ ის მოიაზრება წამყვანი ძალის რანგში.
ამ მყარი უმრავლესობის შესაქმნელად მთავარი მექანიზმია არჩევნების ორ ტურად ჩატარება, ანუ თუკი კენჭისყრის შედეგად ვერ ჩამოყალიბდება მყარი უმრავლესობა, პარლამენტი იშლება და მეორე ტური ტარდება. ამგვარად იქმნება სწორედ ის უმრავლესობა, რომელიც ხელისუფლებას ჭირდება.
რატომ გადაწყვიტა სომხეთის, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის ხელისუფლებამ ამის გაკეთება ევროპული ქვეყნების ისტორიული და პოლიტიკური გამოცდილების საწინააღმდეგოდ? არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ასე არ არის, რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესის ნაცვლად აირჩიო საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირების არსებითად ანტიდემოკრატიული მეთოდი არჩევნების მეორე ტურის ჩატარებით. მეორე ტური – ეს არის ხალხის ნების ტრანსფორმაცია ელიტებს შორის მოლაპარაკების გზით. რეზულტატი მიიღწევა საზოგადოების გვერდის ავლით. დემოკრატიული სახელმწიფოს ნაცვლად იქმნება საბჭოთა ტიპის კორპორატიული სახელმწიფო.
თქვენ ვარაუდობთ, რომ სხვა პარტიები ვერ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში?
ყოფნა-არყოფნის საკითხია: ჩვენ ვშლით დამოუკიდებლობის 25-წლიან ისტორიას, თუ საზოგადოება მაინც გამოძებნის საკუთარ თავში ძალას, რომ არ დაუშვას, ამ რეჟიმმა განახორციელოს თავისი გეგმა. ხალხს არ უნდა წავართვათ გარანტირებული უფლება საკუთარი ხელისუფლების არჩევის პირდაპირი საყოველთაო არჩევნების გზით. დღეს ჩვენთვის ამ უფლების წართმევა უნდათ. მეორე ტური, რომელზეც უკვე ვისაუბრე, ტარდება სხვა პარტიებთან სავაჭროდ: თქვენ გვეხმარებით, რომ გავხდეთ მყარი უმრავლესობა და თუ არ დაგვეხმარებით, ჩვენ არ დაგეხმარებით ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვაში.
რის გაკეთებას აპირებთ, რომ არ დაუშვათ რეფერენდუმის ჩატარება?
სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას. ხელისუფლება, რომელმაც გააყალბა წინა საპრეზიდენტო არჩევნები, ყველაფერზე წავა, რომ გააყალბოს რეფერენდუმის შედეგებიც. ხელისუფლებას ამისთვის აქვს ყველა რესურსი, პატარა რესპუბლიკაა, მხოლოდ რამდენიმე ოჯახი აკონტროლებს მთელ ეკონომიკურ ცხოვრებას ქვეყანაში. ოპოზიცია ამას ანგარიშს უწევს და ჩვენს ფრონტს ესმის, რომ უნდა მივაღწიოთ ჩვენსას სამოქალაქო დაუმორჩილებლობით, მასობრივი საპროტესტო აქციებით, შიმშილობით, დემონსტრაციებით. ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას რეფერენდუმის ჩატარების იდეაზე, ან ჩვენ უნდა ჩავშალოთ რეფერენდუმი. საზოგადოების მოთხოვნა ახალი კონსტიტუციისადმი, ვიმეორებ, არც იყო და არც არის. თუკი ხელისუფლება მოქალაქეებს ართმევს მათ მიერ მოპოვებულ დემოკრატიულ სამოქალაქო უფლებას, კერძოდ, პირდაპირი საყოველთაო არჩევნების გზით ხელისუფლების არჩევის უფლებას, ადრე თუ გვიან მოქალაქეები, როგორც ამას კაცობრიობის ისტორია აჩვენებს, წინ აღუდგებიან ამას და რევოლუციის გზით მოიპოვებენ თავიანთ უფლებებს.
შესაძლებელია სომხეთში ასეთი რევოლუცია?
არ გამოვრიცხავ სომხეთში მოვლენების ასე განვითარებას. უახლოეს დღეებში ფრონტი ჩაატარებს მასშტაბურ მიტინგს და წარუდგენს საზოგადოებას თავის სამოქმედო გეგმას. ჩვენ ვაპირებთ ხალხის მობილიზებას, რომ მივაღწიოთ ხელისუფლების ცვლილებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციების გზით, რათა შევაჩეროთ ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესი და ჩამოვაყალიბოთ სახალხო ნდობის მქონე გარდამავალი ხელისუფლება.
სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |