დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ტენდერში არ არის იმ მეწარმეებისთვის, რომლებსაც შემოაქვთ ხორცი საქართველოში, არამედ ტენდერი ცხადდება საქართველოში ნაწარმოები ხორცის შეძენაზე.
“ამ ინიციატივის ფარგლებში ამოცანა არის ძალიან მარტივი. ერთი მხრივ, ქართულ ბიზნესს და ქართელ მეწარმეებს დავეხმარებით. იმათ, ვინც ქვეყანაში არის ამ ბიზნესით დაკავებული და ამავდროულად ხელი შევუწყოთ ქართულ წარმოებას. ყველას მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალური აქტიურობა გამოიჩინონ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მინისტრის განცხადებით, ტენდერი ცხადდება მხოლოდ აღმოსავლეთ ოპერატიული სარდლობის სამხედრო ბაზების მომარაგებისთვის, ხოლო მომავალი წლიდან საქართველოში წარმოებულ სხვა სახის საკვებ პროდუქტებსაც შეიძენენ.
თინა ხიდაშელის თქმით, მისი მინისტრად დანიშვნის შემდეგ სამინისტრომ ადგილობრივი წარმოების ხორცის ბიზნესის პოტენციალი შეისწავლა, რომლის მიხედვითაც ამგვარი ინიციატივის განხორციელებას პერსპექტივა აქვს.
თუმცა აღნიშნული პროექტი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში ხორციელდება და დამოკიდებული იქნება გამოცხადებული ტენდერის წარმატებით დასრულებაზე.