ახალი ამბები

ივანიშვილი გაზპრომზე: ბიზნესმენებს მივცეთ უფლება, გაზი სადაც უნდათ, იქ იყიდონ

27 ოქტომბერი, 2015 •
ივანიშვილი გაზპრომზე: ბიზნესმენებს მივცეთ უფლება, გაზი სადაც უნდათ, იქ იყიდონ

“ის, რომ შეიძლება ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული და ჩვენს ბიზნესმენებს მივცეთ იმის უფლება, რომ გაზი სადაც მოესურვებათ, იქ იყიდონ და ბაზარი თავისუფალი იყოს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ უნდა გვქონდეს არჩევის საშუალება, ვცდილობთ და აქტიური ვარ იმაში, რომ ირანული გაზიც შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე”, – თქვა ივანიშვილმა.

 

 

“გაზპრომის” ცნობით, 26 ოქტომბერს მილანში სამუშაო შეხვედრა გაიმართა გაზრომპის წარმომადგენელს, ალექსეი მილერსა და საქართველოს ვიცეპრემიერსა და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძეს შორის. 

 

როგორც “გაზპრომის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, შეხვედრაზე განიხილული იყო საქართველოს ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტისა და მისი კომერციული მიწოდების საკითხები.

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება ან კომენტარი არ გაუკეთებია.

 

ოფიციალური ცნობით, გაზპრომსა და ქართულ მხარეს შორის ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა 25 სექტემბერს ბრიუსელში გაიმართა. ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მასზე 2015-16 წლების ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები, ასევე სომხეთში გაზის ტრანზიტის საკითხები განიხილეს. სხვა დეტალები შეხვედრის შესახებ უცნობია.

 

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველომ გაზპრომთან მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთიდან გაზმომარაგების მოცულობის გაზრდის მიზნით, საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია. მაშინ კახა კალაძის მიერ გაზპრომის საკითხზე გაკეთებული განცხადებები მხოლოდ კომერციულ გაზს არ ეხებოდა. 

 

“ბრიუსელში შეხვედრაზე, რომელიც იყო გამართული, ჩვენ დავსვით საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ის მოცულობები, რომელიც დღეს ამ მილსადენში გადის სომხეთის მიმართულებით, რომ იყოს გაზრდილი, რადგანაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მილსადენი რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს დატვირთული, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო მეტი საშუალება გვექნება დამატებითი მოცულობები მივიღოთ და ასევე, თუ კომერციულ კომპანიებს ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, მათ შეუძლიათ ბუნებრივი აირი ასევე წამოიღონ რუსეთიდან,” – განაცხადა კახა კალაძემ.

 

განმარტებები რუსეთიდან გაზის მიწოდების შესაძლო გაზრდის თაობაზე წინა კვირაში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმაც გააკეთა:

 

“ჩვენ უნდა გამოვიდეთ პრაგმატული ინტერესებიდან და უნდა გავმიჯნოთ ამ შემთხვევაში პოლიტიკა და ეკონომიკა. აქ მთავარი საკითხი არის ის, რომ ჩვენ დივერსიფიცირებულები ვართ გაზის მოწოდების მხრივ, ჩვენ გვაქვს როგორც საკუთარი ტრანზიტული რესურსები, ასევე გვყავს აზერბაიჯანი, როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორი. თუკი გაზპრომიდან იქნება კომერციულად გამართლებული შემოთავაზება, რომელიც ჩვენ წაგვადგება და ჩვენს ეკონომიკას წაადგება და ეს არ დააზიანებს ჩვენს გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამაში მისასალმებელის გარდა არაფერი არ არის”.

 

 

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი