“სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” ეხმაურება 14 ივნისს აეროპორტში მომხდარ ფაქტს, როდესაც ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერ ვანო ჩხიკვაძეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ადამიანთა ორგანიზებული ჯგუფი და სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეარხები სალანძღავად და შეურაცხყოფის მისაყენებლად დახვდნენ.
“სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” დარწმუნებით აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების მიერ კოორდინირებული ინციდენტი იყო ვანო ჩხიკვაძის აშშ-ს კონგრესში გამოსვლის საპასუხოდ.
“ჰელსინკის კომისიაზე ვანო ჩხიკვაძემ საქართველოს დემოკრატიის მიმდინარე გამოწვევების, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხისთვის დასავლეთის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. საინტერესოა, წინასწარ როგორ ჰქონდათ აეროპორტში შეკრებილ ჯგუფსა და პროპაგანდისტულ მედიას ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის ფრენის განრიგის შესახებ, თუ არა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ინციდენტი ერთ-ერთია “ქართული ოცნების“ მიერ მართულ იმ ათეულობით თავდასხმას შორის, რომელთაც ბოლო კვირების მანძილზე ვხედავთ.
ადამიანთა ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, რომლებიც ვანო ჩხიკვაძეს სალანძღავად დაახვედრეს აეროპორტში, იქ იმყოფებოდნენ სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეარხები დაახვედრეს, მათ შორის „იმედი“, „პოსტ ტვ“ და „რუსთავი 2“. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.
ვანო ჩხიკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში MEGOBARI ACT-ის განხილვაზე საქართველოს საკითხზე მომხსენებლად გამოვიდა. კანონპროექტი MEGOBARI ACT „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლების სანქცირებას ითვალისწინებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებასა და ასევე, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, მათ შორის, აქტივისტებზე ძალადობაზე და ა.შ.
კანონპროექტი კონგრესში მას შემდეგ დააინიციირეს, რაც „ოცნებამ“ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონი მიიღო.
