„ქართული ოცნება“ დადებითად აფასებს ევროკომისიის კრიტიკულ ანგარიშს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია არ გასცა.
ბრიუსელისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაერთი გაფრთხილებების საწინააღმდეგოდ, საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ რუსული კანონის მიღებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები არათუ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა.
„კანონის ინიციირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული. კანონის მიღების შემდეგ ეს შანსი გაზრდილია დაახლოებით 20-30%-მდე”, – ამბობდა ირაკლი კობახიძე.
ევროკომისიამ 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა გაფართოების ყოველწლიური ანგარიშები, რომლებიც გაწევრიანების მსურველ 10 ქვეყანაში (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი) არსებულ მდგომარეობასა და პროგრესს აფასებს.
ევროკომისია იმეორებს ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს, წევრი სახელმწიფოების მეთაურებისგან დაკომპლექტებული ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებების კურსის გამო გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
„თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების ამჟამინდელ კურსს, რაც საფრთხეს უქმნის მის გზას ევროკავშირისკენ, არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად და საკვანძო რეფორმების განსახორციელებლად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია განვიხილოთ“, — ნათქვამია ანგარიშში.
მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ მანიპულაციურად ცდილობს, ანგარიში დადებითად წარმოაჩინოს და ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალურად შეჩერებული არ არის:
„საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე. ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს. ევროკომისიის შეფასებით ოცდათხუთმეტი თავიდან გასული ერთი წლის მანძილზე საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი — 13 თავზე. ხაზგასასმელია, რომ ანგარიშში 35 თავიდან მხოლოდ ერთი თავის შემთხვევაში, რომელიც მართლმსაჯულებას და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით არის უკუსვლა“, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი საუბრობს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის (Acquis Communautaire) 35 თავის მიხედვით ქვეყნის თავსებადობაზე და ამბობს, რომ სწორედ ეს 35 თავია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზა. თუმცა საქართველოს გახსნილიც არ აქვს გაწევრიანების მოლაპარაკებები, რომელიც ევროკავშირში შესვლის ეტაპებს შორის ყველაზე გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესია. ამასთან, 35 თავში ყველაზე რთულად მიიჩნევა საფუძვლების შესახებ (fundametals) მოლაპარაკებების თავები, რომლებიც პირველ რიგში იხსნება და ბოლოს იხურება. მათ შორისაა მართლმსაჯულების და ფუნდამენტური უფლებების თავი.
„აქვე მინდა შევეხო ბოლო პერიოდში ხშირად გამოყენებულ ტერმინს „ევროინტეგრაციის შეჩერება“, „გაყინვა“ თუ სხვა მსგავსი. თავად ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტზე იმუშავა, საქართველოს პროგრესი შეაფასა და რეკომენდაციები მოგვცა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ტერმინი უფრო პოლიტიკური განცხადებაა, ვიდრე ინსტიტუციური მდგომარეობა“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილიც ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს წარმოდგენილი ანგარიშით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეწყვეტაზე საუბარი საფუძველმოკლებულია“.
სინამდვილეში, გაფართოების ანგარიშში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გრძელდება. გაფართოების ანგარიშით ფასდება ყველა კანდიდატი ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, რომელთანაც გაწევრიანების მოლაპარაკებები 2018 წლიდან შეჩერებულია. თურქეთი ჯერ კიდევ 1999 წელს გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და 2005 წელს გაეხსნა მოლაპარაკებები, რომელიც მოგვიანებით ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის გამო გაიყინა.
„ის, რომ საქართველო ფასდება ევროკავშირის მხრიდან, სტანდარტული პროცედურაა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანეთ თურქეთი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან ასევე ყოველწლიურად ფასდება, მიუხედავად იმისა, რომ გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. აქ გასაკვირი არაფერია. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს შეფასებასაც ყოველწლიურად. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის განცხადება, რომელიც ჯერ კიდევ 27 ივნისს გამოქვეყნდა, რომ საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია“, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე.
ჩხიკვაძის აზრით, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკომისიის ანგარიშის დადებითად შეფასება მოსახლეობის მორიგ ჯერზე შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„იცის რა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ არ შეუძლია ღიად დაუპირისპირდეს ამ იდეას. ამიტომ ურჩევნია, მალულად და ფარულად გააკეთოს ეს, ხოლო რიტორიკის დონეზე და იმ ხალხის გასაგონად, ვინც შეიძლება ვერ ერკვეოდეს დეტალებში, აცხადებდეს, თითქოს საქართველო წინ მიდის ევროინტეგრაციის გზაზე“, — დასძენს ვანო ჩხიკვაძე.
ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში მელინე არაკელიანმა X-ზე უპასუხა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლას ადასტურებდა.
„არა, ბატონო სამხარაძე. ეს ასე არ არის. საქართველოს არ აქვს პროგრესი ევროკავშირის გზაზე, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკან დახევაა. ამის გამო შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი“, — დაწერა ელჩმა.
No Mr @Samkharadze79 , that is not the case. 🇬🇪 is NOT progressing on its 🇪🇺-path as long as there is #backsliding in the area of democracy & fundamental rights. Georgia’s EU-accession process is stopped because of this. https://t.co/Q0Vu6F603B
— Meline Arakelian (@melinearakelian) October 31, 2024
ევროკავშირმა 2023 წლის ბოლოს მიანიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ გადაიდგმებოდა 9 ნაბიჯი. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს უმნიშვნელო პროგრესი აქვს ცხრა რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით, ბევრ პუნქტში კი მდგომარეობა პირიქით ,გაუარესებულია.
