კომენტარი

ანალიტიკოსი 4 გზავნილს აანალიზებს ევროსკეპტიკური ინტერვიუდან

28 ნოემბერი, 2024 •
ანალიტიკოსი 4 გზავნილს აანალიზებს ევროსკეპტიკური ინტერვიუდან

ავტორი: ვანო ჩხიკვაძე, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი


პაპუაშვილს მინდა გამოვეხმაურო:

1. ევროკავშირი იქით შეგვეხვეწოს წევრობასო, რომ აცხადებს: ევროგაერთიანების/ევროკავშირის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს წევრობას შეხვეწოდნენ. ვერ გაიხსენებთ ასეთს ვერც თქვენ და ვერც თქვენ ირგვლივ მყოფი ხალხი, ვისაც ევროკავშირი და ევროინტეგრაციის პროცესი ესმის. ისლანდიამ აგერ ახლახან და ნორვეგიამ წლების წინ, ორჯერ უარი თქვა ევროკავშირის წევრობაზე, მაგრამ არავის დაუხევია მათთვის კალთები, გინდათ თუ არა, ევროკავშირის წევრები უნდა გახდეთო. თქვენ წარმოიდგინეთ, აგერ ახლახან არც ბრიტანელებისთვის უთხოვიათ, დარჩითო. პირიქით, ევროკავშირში შესვლას იქით ცდილობენ ქვეყნები, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის განვითარების ის მოდელი, რომელიც მათ სჭირდებათ და გამოადგებათ. ევროინტეგრაცია იმიტომ უნდათ, რომ გაწევრიანების პროცესში რეფორმები მათ ეხმარებათ, უკეთესი გახდნენ. წარმოიდგინეთ, რამდენად უკეთესი დემოკრატია გვექნებოდა საქართველოში, 9 ნაბიჯი რომ შეგვესრულებინა: დამოუკიდებელი სასამართლო გვქონოდა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმი შეგექმნათ, ადამიანის უფლებების დაცული ყოფილიყო. ამით პირველ რიგში ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვისარგებლებ(დი)თ და არა ვინმე, სადღაც პორტუგალიაში, სლოვენიაში, მალტაზე ან ფინეთში.

2. სუვერენიტეტს დავკარგავთო — არა, ბატონო შალვა. სუვერენიტეტს არ დავკარგავთ. სუვერენიტეტს გავაზიარებთ და ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება. ისე არა, როგორც სსრკ-ში იყო, მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილება რომ სავალდებულო გახლდათ და ჩვენ უსიტყვოდ უნდა დავმორჩილებოდით. სუვერენიტეტი რომ დაეკარგა, უნგრეთი ვერ დაბლოკავდა მაგალითად უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს. ვერც საბერძნეთი/ბულგარეთი შეუქმნიდა პრობლემებს ჩრდილოეთ მაკედონიას და ვერც სლოვენია — ხორვატიას. ევროკავშირის შიგნით გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი ერთხმად მიიღება. შესაბამისად, პატარა ქვეყნის ხმამ შეიძლება ეს გადაწყვეტილება დაბლოკოს.

3. თავისუფალ ვაჭრობას და ღვინის ექსპორტს დავკარგავთო. ღვინის დიდი ნაწილი (საქსტატის მონაცემებით ა.წ. იანვარ-ივლისში ღვინის ექსპორტის 81%) რუსეთზე მოდის. ეს არის ყველაზე არაპროგნოზირებადი ბაზარი, რომელსაც მისი ხელისუფლება პოლიტიკური იარაღად იყენებს. ყველა ერიდება მასზე ჩამოკიდებას. შორს ნუ წახვალთ, მოლდოვას შეხედეთ, რომელმაც შეძლო, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტი 80%-დან 10%-ზე დაეწია და ცდილობს, საერთოდ გაანულოს, ახალი ბაზრები მოიძიოს და, წარმოიდგინეთ, მექსიკაშიც კი დაიწყეს ექსპორტი. ჩვენი უახლესი ისტორია გვეუბნება ყველაფერს. გახსოვთ ალბათ, 2006 წელს როგორ ჩაკეტა რუსეთმა ბაზარი, თითქოს ჩვენი ღვინო მათ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, რეალურად კი, ჩვენს დასასჯელად, სუვერენული საგარეო პოლიტიკა რომ არ გაგვეტარებინა. რომელი სჯობს, 148 მილიონიანი რუსეთის არაპროგნოზირებადი ბაზარი, რომელიც კრემლმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩაგიკეტოს, თუ 450 მილიონიანი ევროკავშირის პროგნოზირებადი ბაზარი, რომელიც მაღალი მსყიდველუნარიანობით გამოირჩევა? ღვინის წარმოებისას ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილება სჯობს, რომელიც მერე სხვა ბაზრებზეც გიხსნის წვდომას, თუ რუსული ბაზრის სტანდარტები და კორუფციული სქემები?

4. უვიზო მიმოსვლის შეჩერებას და შენგენს რაც შეეხება: ჯერ ერთი, ევროკავშირის წევრობა მომენტალურად შენგენის ზონის წევრობას არ ნიშნავს, შორს ნუ წახვალთ აგერ ბულგარეთს და რუმინეთს შეხედეთ, რა დრო დასჭირდათ ამისთვის (თითქმის 18 წელი). მერე მეორე თუ ამას მხოლოდ ტურიზმის კუთხით და სუფთად პრაგმატულად უყურებთ, ალბათ იცით, რომ მსოფლიოში ყველა ცდილობს, ისეთი პირობები შექმნას, რომ არა მაინცდამაინც რუსი ტურისტი მოიზიდოს, არამედ ამერიკელი, გერმანელი, ბრიტანელი, იაპონელი, ფრანგი, იტალიელი, კანადელი, ჰოლანდიელი და ბელგიელი. მარტივი მიზეზია – ითვლება, რომ ისინი ყველაზე ბევრს ხარჯავენ ტურისტულ მოგზაურობებში. ასევე ჩინელებიც და გინახავთ ალბათ, რომ ჩინელები როგორღაც ახერხებენ ვიზის აღებას და ევროკავშირში მოგზაურობას.

ამ განცხადებას იმიტომ აკეთებთ, ან ხალხი დააბნიოთ და ევროინტეგრაციისადმი ნიჰილიზმი გააჩინოთ, ან ნაკლებად აანალიზებთ. ნათელია, რომ ევროინტეგრაცია ხელისუფლებისთვის ტვირთია, რადგან რეფორმების გატარებას მოითხოვს და ამ რეფორმებმა შეიძლება თქვენს ძალაუფლებაში ყოფნას საფრთხე შეუქმნას. ხალხის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ მაღალია. ერთ-ერთი ბოლო ბასტიონია, რის დანგრევასაც ცდილობთ. ზუსტად ეს არის, ეს კი იმიტომ გინდათ რომ მერე ხელ-ფეხი გაგეხსნათ და თქვათ, რომ ეს ხელისუფლებას კი არა, ხალხს აღარ უნდა ევროკავშირი.


პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებს. ამასთან ამბობს, რომ ევროკავშირში დღეს გაწევრიანებას მოჰყვება რეგულაციები, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს.

„ევროკავშირი წევრობა ნიშნავს შეზღუდვასაც, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, ეკონომიკური თავისუფლების დათმობას. თქვენ რა გგონიათ, ევროკავშირის წევრები დღეს რომ გავხდეთ, იცით რამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს, თუნდაც ჩინეთთან და ბევრ ქვეყანასთან, დსთ-ს წევრ ქვეყნებთან… უვიზო მიმოსვლის გაუქმება იცით რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს? იმიტომ რომ შენგენის სივრცის ნაწილი ვიქნებით და საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ შევლენ შენგენის ტერიტორიაზე და ვისთანაც არ აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა, იმას საქართველოში ვერ შემოვუშვებთ. ერთ მხარეს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია. დღეს რომ გავწევრიანდეთ, ღვინის სექტორი ჩამოიქცევა“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველო 2030 წელს იქნება ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების იმ დონეზე, როდესაც ევროკავშირი შესაძლოა, აქეთ შეეხვეწოს გაწევრიანებას.

EU-ის წევრი რომ გავხდეთ, ბევრ ქვეყანასთან მოგვიწევს უვიზოს გაუქმება — პაპუაშვილის ანტიდასავლური გზავნილები

მასალების გადაბეჭდვის წესი