„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის, გურამ იმნაძის შეფასებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციომ პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სოსო ბაბაევის საქმეზე ერთი იარაღი დასაშვებ მტკიცებულად ცნო, ალოგიკურად ჩანს.
„თუკი ერთი იარაღის შემთხვევაში ჩხრეკის პროცესი არასწორი იყო, იმ არგუმენტაციით, რომ არ მოხდა მისი გამაგრება ობიექტური მტკიცებულებებით, იგივე პრობლემა, იგივე ხარვეზი ჩანს მეორე მტკიცებულების, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილშიც. საინტერესოა, როგორ განასხვავა სააპელაციო სასამართლომ“, — ამბობს იმნაძე.
რამდენიმე დღის წინ გორის რაიონული მოსამართლის მოსამართლis ლევან დარბაიძის გადაწყვეტილებით, აქტივისტ სოსო ბაბაევის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები, მანქანის და პირადი ჩხრეკისას ამოღებული იარაღი უკანონოდ იქნა ცნობილი და ბაბაევი გაათავისუფლეს. პროკურატურამ დარბაიძის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
ლევან დარბაიძე კლანგარეშე მოსამართლედ მიიჩნევა. იმნაძის ვარაუდით, სრულიად შესაძლებელია, რომ რაიონული სასამართლოს დონეზე სასურველი შედეგის მისაღებად მანიპულირების შესაძლებლობა არც არსებულიყო მაშინ, როცა სააპელაციო სასამართლო მეტწილად კლანისადმი ერთგული მოსამართლეების სიმრავლით გამოირჩევა.
„დღეს საქმეების განაწილება მოსამართლეებს შორის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მანიპულაციის, ზეგავლენის მოხდენის: რომელ მოსამართლეს დაეწერება კონკრეტული საქმე, რომლისადმიც პოლიტიკური ინტერესი არსებობს. რაიონულ სასამართლოებში კადრების სიმწირეა და ამ მანიპულაციების საშუალება შესაძლოა, გორში არც ყოფილიყო.
სააპელაციო სასამართლოში კი საქმეების განაწილების საჭიროებაც აღარ არის. სააპელაციოს მოსამართლეები აბსოლუტურად ლოიალურობის ნიშნით ინიშნებიან. აქ დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რომელ მოსამართლეს დაეწერება საქმე. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო გამოირჩევა კლანთან დაკავშირებული მოსამართლეების კონცენტრაციით“, — ამბობს იმნაძე.
დღევანდელი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა მიიღო, რომელიც 2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.
გორელი ბიზნესმენი და აქტივისტი სოსო ბაბაევი 4 ივნისს ღამით დააკავეს. ბაბაევის თქმით, დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანისას პოლიციელები მას რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ახსენებდნენ ანტირუსულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, სოციალურ ქსელებში ხელისუფლებისა და სპეცრაზმის წინააღმდეგ გაკეთებულ კომენტარებს. იარაღი, რომელიც პოლიციამ ჩხრეკისას ამოიღო და მოსამართლე ლევან დარბაიძემ უკანონო მტკიცებულებებად ჩათვალა, ბაბაევის თქმით, თავად პოლიციამ ჩაუდო.
“როცა მსგავსი საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება, რამდენიმე ფუნდამენტური კითხვა ისმის: რამდენად საფუძვლიანი და სანდოა ინფორმაცია, რომელიც ჩხრეკას დაედო საფუძვლად? და მეორე: არსებობდა თუ არა ობიექტური გარემოებები, შესაძლებლობები, გონივრულობის ფარგლებში, რომ ჩხრეკის პროცესი გამყარებულიყო ნეიტრალური მტკიცებულებებით.
თუ დავუშვებთ, რომ ჩხრეკის ჩატარებას ჰქონდა საფუძველი, ამ შემთხვევაში სამართალდამცავებს აქვთ კანონიერი ვალდებულება და მეორე მხრივ, ჰქონდათ შესაძლებლობაც, რომ ჩხრეკის პროცესი აღბეჭდილიყო სრულად, კამერით, ან ჩხრეკის პროცესს დასწრებოდა ნეიტრალური პირი, რომელიც დაადასტურებდა, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
პოლიციამ ეს კანონისმიერი ვალდებულება არ შეასრულა და სწორედ ამ არგუმენტით მიიღო პირველი ინსტანციის მოსამართლემ გადაწყვეტილება, რომ მტკიცებულებები ეცნო უკანონოდ. სააპელაციო სასამართლომ კი განაცხადა, რომ ერთი იარაღის ამოღება ჩხრეკისას იყო კანონიერი”, — ამბობს გურო იმნაძე.
უფლებადამცველის თქმით, გასათვალისწინებელია ბრალდებულის ბექგრაუნდიც, რომელიც უკავშირდება აქტივიზმს, პოლიტიკური ხელისუფლებისთვის არასასურველ საქმიანობას, რის გამოც ის შეიძლება მსგავს მანიპულაციურ მექანიზმს დაუქვემდებარეს.
“ზოგადადაც, სამწუხაროდ, იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება სერიოზული პრობლემაა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის და ხშირად შეიძლება გამოიყენებოდეს არასასურველი მოქალაქეების დასაშანტაჟებლად და მათ შესაჩერებლად”, —ამბობს იმნაძე ნეტგაზეთთან.
4 ივნისის მოვლენები და სოსო ბაბაევის ისტორია ვრცლად წაიკითხეთ აქ:
„ყელში ვეჩხირები ამ რუსულ ძალას და არ მომეშვებიან“ — სოსო ბაბაევის ისტორია