„რუსეთისკენ როგორ უნდა გაიხედო, ამ ბოროტების იმპერიისკენ? ვისაც მიეკარა, ყველაფერი გააფუჭა. როგორ უნდა გვინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენ პირადად ვიგრძენით მისი ბოროტი ძალა. ანწუხელიძე როგორ უნდა დაგვავიწყდეს? შინდისელი გმირები? აღარ ჩამოვთვლი ყველას. კარგი, მე დავუშვათ დავალაგე დღეს რუსეთთან ურთიერთობა, იმ ხალხს რას ვეუბნები, ვისაც სახლი და ოჯახის წევრები წაართვეს?“
სოსო ბაბაევი, გორელი ბიზნესმენი, რესტო-ბარის მფლობელი და წლების განმავლობაში ანტისაოკუპაციო პროტესტის მონაწილე, ნეტგაზეთთან იხსენებს, როგორ დააკავეს 4 ივნისს გორის შესასვლელთან, როგორ სცემდნენ, შეურაცხყოფდნენ, როგორ ჩაუდეს იარაღი და როგორ ახსენებდნენ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებს ხელისუფლებისა და სპეცრაზმის წინააღმდეგ.
მართალია, მოსამართლე ლევან დარბაიძემ ყველა მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც ბაბაევი დააკავეს, უკანონოდ ცნო და ის გაათავისუფლეს, თუმცა სოსო ბაბაევი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ დარწმუნებულია, ამით ყველაფერი არ დასრულებულა და სისტემა მას ადვილად არ შეეშვება.
დაკავებიდან გათავისუფლებამდე
4 ივნისს თბილისიდან გორში ვბრუნდებოდი, სტომატოლოგთან ვიყავი გამოკვლევაზე. გორის გადმოსახვევთან რომ ჩამოვედი, დავინახე, გზა გადაკეტილი იყო. ისეთი სურათი იყო, ვიფიქრე, ავტოავარია მოხდა-მეთქი. სვლა რომ შევანელე და გავჩერდი, მანქურთებივით მეცნენ, მხედრიონელებივით, თითქოს 90-იანები იდგა, ან უკვე ბნელი ტერორისტული რუსული რეჟიმი.
მხეცურად დამიწყეს მანქანის შუშების მტვრევა, კარებზე ჯაჯგური. დავიბენი, მეთქი, რა უნდათ, რა დავაშავე. გორელი პოლიციელი ვიცანი და მერეღა მივხვდი, რომ პოლიცია იყო. მე თვითონ გავაღე მანქანის კარები, რა გჭირთ, რატომ ამტვრევთ-მეთქი. რა ხდება კი არაო, მტაცეს ხელი და გადმომიღეს, დამაგდეს ძირს, დამადეს ბორკილები და იმავე წამებში ვიგრძენი, რომ ქამრის უკან რკინის საგანი ჩამიდეს. მერე როგორც მივხვდი, მაკაროვის სისტემის იარაღი. დედა, რჯული, ქვეყანა, პრეზიდენტი — ყველაფერი მაგინეს, თან მირტყამდნენ.
ხან მუხლებზე და ხან ძირს რომ ვეგდე, ვხედავდი, როგორ ტრიალებდნენ ხოჭოებივით მანქანასთან და რაღაცებს აკეთებდნენ. მიმიყვანეს, საბარგული ახადეს და ამოიღეს იარაღი — ავტომატი, რომელიც მანამდე თვითონვე ჩადეს. ბევრი კითხვის ნიშანი მქონდა. ერთი ხომ ჩამიდეს და ეს მეორე რაღაში სჭირდებოდათ? მერე იურისტებთან რომ ვსაუბრობდი, ეგეთი ვარაუდიც გაჩნდა, რომ ის იარაღი სადღაც გამოყენებულია, რაღაც ცუდი ისტორიის მქონეა და ალბათ ჩემი დიდი ხნით ჩაკეტვა უნდოდათ, ამისთვის პისტოლეტი საკმარისი არ იქნებოდა.
ნაცემი და სისხლიანი, ტანსაცმელშემოხეული ჩამსვეს პიკაპში და განყოფილებაში წამიყვანეს. იქ ასეთი ბნელი და კრიმინალური წარსულის კაცია ხელმძღვანელი — ზედმეტსახელად „ტლაპო“, იგივე არჩილ ბარამაშვილი, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის მოადგილე. „ტლაპოს“ მთელი ქალაქი იცნობს და აგინებს, იმდენი ჰყავს გამწარებული და გაუბედურებული, მაგრამ ფაქტზე არასდროს არავის დაუჭერია. პოლიციელი განადგურებს, ძირს გითხრის, უკანონოდ გაკავებს, იარაღს გიდებს, გცემს, გაგინებს და თურმე, არ შეიძლება, რომ ამხილო. გორელი ხალხი ძირითადადა სეთი გაგებით ცხოვრობდა. „ტლაპოსაც“ ამიტომაც შერჩა ამდენ ხანს ბევრი რამ.
მე ვიცოდი, რომ ჩემზე თავდასხმა უნდოდათ. ვიცოდი, რომ ყელში ვეჩხირებოდი ამ რუსულ ძალას, მაგრამ არ ველოდი, ასეთი მასშტაბური სპეცოპერაცია თუ დაიგეგმებოდა ჩემ წინააღმდეგ. მაინც მომზადებული დავხვდი. გავლილი მაქვს მე ეს „რუსული სკოლა“ და ვიცი, რა არის რუსული რეჟიმი, რუსული მეთოდები. შესაბამისადაც ჩავაბარე ეს გამოცდა, რაც ამ რუსმა მანქურთებმა მომიწყვეს საქართველოში. ჩემი ავტომანქანიდან 12 ვიდეოკამერა იღებდა.
9 საათიდან დილის 4 საათამდე იქ ვყავდი. ერთი რაღაც ვთხოვე, დედა მყავს მოხუცი, ავადმყოფი, რეაბილიტაციის მერე სახლში მყავს, მე ვუვლი და ის არ შეაშინოთ-მეთქი, არც ჩაწერილი ვარ იქ, არც ჩემზეა გაფორმებული. კარგიო და მაინც მივიდნენ. კარი შიგნიდან ჩაკეტეს, არასრულწლოვანი ბავშვი და დედა მყავდა სახლში. ჩემი უფროსი, 12 წლის ბიჭი ურეკავს პატარას 9 წლისას, აქციებზე რომელიც დამყავს ხოლმე. ბიჭო, მამიკო დაიჭირესო, ეს პატარა ეუბნება, ჩქარა, აქციაზეო, შენც უნდა იარო ხოლმე ახლაო. ფაქტობრივად, მძევლად ჰყავდათ ბავშვიცა და დედაჩემიც. ამ ხალხს საერთოდ უნდა აეკრძალოს პოლიციაში მუშაობა, მთელ მაგათ მოდგმას.
ექიმმაც დააფიქსირა ჩემი დაზიანებები, გამოვართვი ის ფურცელი, რაზეც ხელი უნდა მომეწერა და წავიკითხე პუნქტი, ექიმმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, თუ არის არაადამიანური მოპყრობა და ფიზიკური ზიანიო. ეს არ ვიცოდი მანამდე. ვუთხარი, თქვენ ხომ ხართ ვალდებული, რომ შეატყობინოთ-მეთქი. კი, გინდათო? რას ჰქვია, მინდა-მეთქი. მართლა იმ ღამესვე მოვიდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ექსპერტი და გამომძიებელი. საქმე აღძრულია. თუმცა პირად საუბრებში მეუბნებიან, რომ ჩვენი სამსახური ერთ პროცენტსაც ვერ აკეთებს იმისა, რასაც უნდა აკეთებდესო.
არადა, ორი პოლიციელი, გვარ-სახელებიც ვიცი, მახრჩობდნენ, რაღაც მომენტში გავითიშე. ამ ორიდან ერთი დევნილია. რუსეთმა სახლი წაართვა, დევნილების კოტეჯში ცხოვრობს და ეს რუსულ კანონს იცავს. რუსების გამო მახრჩობ, შე მართლა მანქურთო?! იმის გამო, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე დავდივარ?! არ მესმის.
რომ მცემდნენ და მირტყამდნენ, თან მომაძახეს, ვის ეძახი მანქურთებსო. მანქურთი მანამდე ერთადერთხელ ვახსენე კომენტარებში [ფეისბუკზე], როცა ჩემს მეგობარს აქციაზე სცემეს სასტიკად. მაგ ვიდეოზე დავწერე კომენტარებში, ეს მანქურთები-მეთქი. 4 ივნისის მერე ყველგან მანქურთებს ვეძახი და დავუძახებ ამათ.
აქციაზე ვერა და ახლა ხომ დაგიჭირეთო. განყოფილებაში მეუბნებოდნენ, ვის გვერდზე დგახარ, იცი, ვინ იყო სააკაშვილი, რას აკეთებდაო? ვეუბნები, სააკაშვილის გვერდზე კი არ ვდგავარ, მე ვდგავარ ჩემი ევროპული მომავლისთვის-მეთქი. რა შუაშია სააკაშვილი?!
დღეს სალომე ზურაბიშვილი ხომ არის პრეზიდენტი. მის გვერდითაც ვდგავარ იმიტომ, რომ სწორი პოზიცია დააფიქსირა ჩემთვის, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი შვილების მომავლისთვის. ესენი სალომე ზურაბიშვილს აგინებენ, მთავარსარდალს. ამათ კი არა, მეც არ მეპატიება მსგავსი რამე, რომელიც არცერთ სტრუქტურაში არ ვმუშაობ და ერთი რიგითი ბიზნესმენი ვარ.
ველოდი, რომ მოსამართლე გამათავისუფლებდა, მაგრამ ასე მალე არა. იმასაც არ ველოდი, რომ მტკიცებულებების გამოკვლევას მოითხოვდა. მეგონა, რომ 9 თვით ჩამსვამდნენ, დავდებდი თანდათან ჩემს კადრებს და ამათ შეკერილ საქმეს ასე დავასრულებდი. მაგრამ მოსამართლემ თქვა, რომ მტკიცებულებები კანონიერად მოპოვებული არ იყო.
“როგორ ვიქეცი ანტისაოკუპაციო აქტივისტად”
აქციებს გორშიც ვაორგანიზებდით და თბილისშიც დავდიოდი. ბათუმშიც ვიყავი, რუსული გემი რომ გავაგდეთ, ომის აგიტატორებთან და პროპაგანდისტებთან ერთად. სადაც საჭირო იყო, ყველგან ვიყავი და ვიქნები.
მე კარგად ვიცი რუსეთი, რუსული მენტალობა, მთავრობის მენტალობაც და უბრალო ხალხის მენტალობაც. წააგებს რუსეთი, აუცილებლად წააგებს. როგორც გორბაჩოვმა დაშალა საბჭოთა კავშირი, ისე დაიშლება დღევანდელი რუსეთიც. წინა თაობისთვის რომ გეთქვა, საბჭოთა კავშირი დაიშლებაო, იტყოდნენ, რას ამბობ, ჩვენ ისეთი ტანკები გვაქვსო. ახლაც ასე ლაპარაკობს ზოგი. ეტყვი, რუსეთი დაიშლებაო და რას ამბობ, რუსეთს ისეთი ტექნიკა და ისეთი ტანკები ჰყავსო.
უნდა გაიგოს ხალხმა, რუსეთი მტერია, რომელმაც წაგართვა ტერიტორიები, რომელიც არ უშვებს შენს ხალხს მათ საკუთარ სახლებში, რომელმაც მოგიკლა გმირები. დამთავრდა!
როგორ უნდა მინდოდეს ეს ბოროტების იმპერია? ვისაც მიეკარა, ყველაფერი გააფუჭა. როგორ უნდა გვინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენ პირადად ვიგრძენით მისი ბოროტი ძალა. ანწუხელიძე როგორ უნდა დაგვავიწყდეს? შინდისელი გმირები? აღარ ჩამოვთვლი ყველას. მე რომ დღეს დავალაგო რუსეთთან ურთიერთობა, იმ ხალხს რას ვეუბნები, ვისაც სახლი და ოჯახის წევრები წაართვა რუსეთმა?
ევროპაშიც მიცხოვრია, რუსეთში 20 წელზე მეტი ვიცხოვრე. ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენი შვილები რუსული მენტალობით, რუსულ გარემოში გაიზარდონ და რუსული ცხოვრებით იცხოვრონ. რა გარყვნაზე მელაპარაკებით, რუსეთში რომ გარყვნილებაა, ევროპას არც დასიზმრებია. ღმერთმა ქნას, რომ ევროპული განათლება, ღირსება, თავდაჯერებულობა გვქონდეს. რომელ ოჯახურ სიწმინდეზე და მშობლების პატივისცემაზე მელაპარაკებიან ესენი? ის ევროპელები ათასობით ევროს ხარჯავენ, რომ მშობლები საკუთარ სახლებში მოვლილები, ღირსეულად და კარგად ჰყავდეთ.
რესტორანში მოვიდნენ ახალგაზრდები ერთხელ. რუსული სიმღერები მოითხოვეს, მიმტანებს დაუძაბეს. მივედი და ღიმილით, მოფერებით ვეუბნები, რუსული იცით-მეთქი? არაო. მერე რად გინდათ რუსული სიმღერები, თან არ გესმით, იქნებ გვაგინებენ-მეთქი. მოდი, ქართულს მოვუსმინოთ, ძალიან კარგ სიმღერას ჩავრთავთ ახლა-მეთქი. არ მოეწონათ ცოტა და პირდაპირ ვუთხარი მერე, ბიჭებო, ეს რესტორანი ღიად ებრძვის ოკუპაციას. ჩემი და თქვენი ტერიტორია ოკუპირებულია რუსების მიერ, არ იქნება ლამაზი ახლა რუსული სიმღერების ჩართვა, თორემ რუსულ სიმღერებზე მაქვს მთელი ახალგაზრდობა გატარებული და თქვენზე მეტადაც მესმის და შეიძლება მიყვარდეს. პრინციპულად არ უნდა ჩავრთოთ ახლა-მეთქი. გაიგეს, მგონი.
ომის დაწყებიდან დავდივარ უკრაინაში ჩემს მეგობრებთან ერთად. ეს რესტორანი უკრაინაში ომამდე სხვას არაფერს აკეთებდა, გარდა იმისა, რომ ხალხს ვკვებავდით. ომი რომ დაიწყო, აქ ეგრევე უკრაინის დახმარების ცენტრი გავაკეთეთ. ბევრმა უკრაინელმა გაიარა აქ. ზოგს საცხოვრებელი ვუშოვეთ, ზოგს რით დავეხმარეთ და ზოგს რით. გროვდებოდა აქ ტანსაცმელი, სხვადასხვა საჭიროების ნივთები, წამლები და ვაგზავნიდით უკრაინაში საელჩოს გავლით.
უკრაინაში რომ ვიყავი პირველად ჩასული, ერთი საბარგული ტუალეტის ქაღალდი გვაჩუქეს პუტინის სურათით. წამოვიღეთ. ჩვენი მხრიდან ესეც პროტესტის ფორმა იყო, ყველაზე მცირე პროტესტი იმაზე, რასაც პუტინი უკრაინაში აკეთებს. ზოგი გვლანძღავდა და გვემუქრებოდა, ზოგი პირიქით, გვაქებდა. წავიდა მაგის მერე ჩვენი მოძრაობა. კიდევ ბევრჯერ ვიყავით უკრაინაში. აუცილებლად გაიმარჯვებს უკრაინა იმიტომ, რომ სიმართლის მხარეს იბრძვის, იმიტომ, რომ ბოროტებას ებრძვის, რომელიც ბავშვებს კლავს და სადაც ფეხს დადგამს, ყველაფერს ანადგურებს.
მერე ისიც გავიგეთ, რომ ამერიკამ მურუსიძის კლანი დაასანქცირა. გაგვიხარდა იმიტომ, რომ ყველა უბედურება, რაც იყო, არის და იქნება საქართველოში, კორუმპირებული ადამიანების გამო ხდება, კორუმპირებული მოსამართლეების, პოლიციელების, ექიმების, მთავრობის წევრების გამო. ყველა პრობლემა კორუმპირებული ჩინოვნიკებისგან მოდის.
ჩემს მეგობარს, შოთას ვუთხარი, მოდი, ჩვენც დავასანქციროთ-მეთქი. ესეც პერფორმანსი იყო. უნდა გაიგონ, რომ მაგათი ადგილი ნორმალურ საზოგადოებაში არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ გვჭირდება. გავრცელდა ეს ამბავიც. მოსამართლეები ჩამოვიდნენ მერე, გორში სხვა რესტორანში იქეიფეს და გამაგებინეს, აგერ, შენთან არ მოვედით, მაგრამ გვერდზე რესტორანში ვქეიფობთო. მივიდნენ მერე ჟურნალისტები და ჩაწერეს, მთვრალი რომ ლექსებს იძახის [ლევან მურუსიძე].
“საიდან მოვდივარ და სად მივდივარ”
მე ასურელი ვარ. ჩემი წინაპრები ის ასურელი მამები იყვნენ, საქართველოში ქრისტიანობა რომ ჩამოიტანეს და დარჩნენ საქართველოში. შიო მღვიმელის შთამომავალი ვარ მე. ჩვენ, მეც და სხვა ასურელებსაც, სხვა მიწა არ გვაქვს, ჩემი მიწა საქართველოა. აქ დავიბადეთ და აქ გავიზარდეთ. მე ჩემი სამშობლო მიყვარს და სხვა სამშობლო არ გამაჩნია. ვიღაცა რომ მოვიდეს ქართული გვარით და მითხრას რამე, არ მეწყინება. ვეტყვი, მოდი, შევეჯიბროთ, ვინ მეტს გააკეთებს ჩვენი სამშობლოსთვის-მეთქი და თუ მაჯობა ვინმემ ქართული გვარით, მხოლოდ ჩავეხუტები და ვეტყვი, რომ ამ ქვეყნის ღირსეული შვილია.
მახსოვს, მამაჩემი ნერვიულობდა, არეულობა რომ იყო და დედაჩემს ეუბნებოდა, გვარი შევუცალოთო, მაგრამ არ შემიცვალეს. დღეს ხომ, მით უმეტეს, ამას აღარ ვიფიქრებ. გამსახურდიას აბრალებენ ხოლმე ბევრ რამეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია იყო. მე მინახავს დახოცილი ოსები, მაგრამ ამას მაშინდელი ტლაპოები და მხედრიონელები აკეთებდნენ. ჯაბა იოსელიანი კი პანთეონშია დღეს დამარხული. დამარხული კი არა, ჩაფლული. ესაა სირცხვილი. ის ბოროტი ხალხი, გამსახურდიას დროს რომ იყვნენ, მერე შევარდნაძემ დაიტოვა თანამდებობებზე. მერე მიშამ ამუშავა ეს მანქურთები და ჯალათები. ახლა ხომ კატასტროფაა, ისევ ეს ჯალათები ჰყავთ დასაქმებული.
„ხარება“ [სპეცრაზმის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი] ვახსენეთ წეღან, ბავშვებს დასდევს და ბავშვებს სცემს — ჩვენს ბავშვებს, რომლებიც ასეთი განათლებულები, პოზიტიურები და ფერადები გვყვანან. ამ ბავშვებს მოფერება, სწორი განათლება და სწორი მიმართულება უნდათ. ვინ აპატიებს ამათ ბავშვების ცემას, ბუნება არ აპატიებს.
ჩვენზე, რიგით ადამიანებზე, ძალიან ბევრია დამოკიდებული, ჩვენ არ უნდა გავხდეთ საყრდენი სისტემის ბოროტების ინსტრუმენტები მათ ხელში. ხალხი რომ თავის ადგილზე იდგება, მთავრობაც იძულებული გახდება.
ვიცი, რომ არ მომეშვებიან. ერთ პოლიციელს რომ დაიჭერენ, მეორე შურს იძიებს. მე მთელი განყოფილება გადავიმტერე. არ ვიცი, ხვალ რა იქნება ჩემს თავს. მაგრამ მე მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს. მინდა, რომ გავიმარჯვოთ. მინდა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყოს. სხვა გზა არ არის. ესენი კი აფერხებენ, მაგრამ არა უშავს, დავეწევით. საქართველო რუსული ვერ იქნება. რუსეთიც დაიშლება, ეს ამათ ჰგონიათ, რომ რუსეთი ძლიერია. პუტინზე მაგრებიც ყოფილან, მაგრამ ცუდად დაასრულეს.
ეს ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც ყველაზე ნიჭიერი და… ვერ ვიხსენებ იმ სიტყვას, რაც ამათ ეკუთვნით… რა ვქნა, თავში ბევრი მომხვდა. კრეატიული! კრეატიული თაობაა. ისეთ რამეს იგონებენ უცებ, სპონტანურად, გაგიკვირდება. ის ბიჭი, მაგალითად, ძეგლზე რომ ავიდა და მეფეს დროშა დააჭერინა ხელში. უყურებ და გიხარია. ამათ ეს “ცეხავიკი” კომუნისტები ვერ მოერევიან!
მინდა მივმართო ყველას: იბრძოლეთ, არ შეშინდეთ! ხვალ მე შეიძლება, ახალი „ტლაპო“ დამხვდეს და კიდევ დამიჭირონ, ეს ვიცი და გააზრებული მაქვს და ვიბრძოლებ ბოლომდე. დაიცავით თავი. ბოროტ დროში ვცხოვრობთ და მეტი ბოროტებაც იქნება. პუტინის ბოლო ფაზაა ახლა და ეს ბოლო ფაზა ყველაზე ძნელი იქნება. არ უნდა დავნებდეთ.
სულ ამას ვამბობდი, აქციებზე რომ დავდიოდი, რაც უფრო ძლიერი იქნება ზეწოლა, მით უფრო ძლიერ პასუხს მიიღებენ. რუსეთი დამარცხდება, დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს. დიდება ჩვენს გმირებს. მათი ხსოვნა არ უნდა შევარცხვინოთ. ამიტომ, ჩვენ გავიმარჯვებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ.







