ახალი ამბები

სასჯელი მარიხუანას მოხმარება/შენახვისთვის – რას ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილება

26 ოქტომბერი, 2015 •
სასჯელი მარიხუანას მოხმარება/შენახვისთვის – რას ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილება

 

საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის პირის დაპატიმრებას ითვალისწინებდა, არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. ვის შეეხება ეს გადაწყვეტილება, რა სახის დანაშაულზე იყო საუბარი ამ მუხლში?

 

ბექა წიქარიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში
ბექა წიქარიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

 

ეს ეხება ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანას შენახვას პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ თავისუფლების აღკვეთა, როგორც სასჯელი, არის არაკონსტიტუციური: არამხოლოდ 7 წლით პატიმრობა, როგორც ეს სადავო ნორმაში იყო, არამედ – საერთოდ, ერთი დღით პატიმრობაც.

 

 ეს იმას ნიშნავს, რომ დიდ ოდენობად ჩაითვლება 70 გრამზე მეტი მარიხუანა?

 

 არა, დიდი ოდენობაზე არ არის საუბარი, საკონსტიტუციო სასამართლომ ოდენობა კი არ გააუქმა, სასამართლომ თქვა, რომ გინდა დიდი ოდენობა დაუძახე, გინდა განსაკუთრებით დიდი ოდენობა, გინდა შემაშფოთებლად დიდი ოდენობა, მინიმუმ 70 გრამამდე თუ პირს დაუდასტურდება მარიხუანას შენახვა, სასჯელად თავისუფლების აღკვეთას ვერ გამოიყენებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასჯელს ვერ დააკისრებ – სასჯელს დააკისრებს სახელმწიფო კონკრეტულ პირს მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შენახვისთვის, თუმცა სასჯელი არ შეიძლება იყოს თავისუფლების აღკვეთა. სასჯელი შეიძლება იყოს ჯარიმა ან უფლების შეზღუდვა, ან ნებისმიერი სხვა რამ.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლიდან, მხოლოდ ერთ მოსამართლეს, მერაბ ტურავას ჰქონდა განსხვავებული აზრი
საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლიდან, მხოლოდ ერთ მოსამართლეს, მერაბ ტურავას ჰქონდა განსხვავებული აზრი

 

რაც შეეხება 70 გრამზე მეტს – სასამართლომ თქვა, რომ თუ პირს აღმოუჩენ, მაგალითად, 5 კილო მარიხუანას, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ პირს აუცილებლად თავისუფლების აღკვეთა უნდა მიუსაჯო. ამ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, პირს ჰქონდა თუ არა გასაღების მიზანი, ან ეს ოდენობა არის თუ არა ის ოდენობა, რომელიც პირადი მოხმარების მიზნით ავტომატურად ვერ იქნებოდა გათვალისწინებული.

საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ მას არ უმსჯელია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხებზე, „რამდენადაც აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენდა დავის საგანს“. ეს იმის ნიშნავს, რომ ჯარიმები, რაც იყო მოხმარებაზე, ისევ ძალაშია?

 

 არამხოლოდ მოხმარებაზე, არამედ შენახვაზეც.

 

ანუ ჯარიმები, 500-ლარიანი და მეტი, რაც იყო ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული, ისევ რჩება?

 

 დიახ, 500 ლარი არის ადმინისტრაციული ჯარიმა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში კი ლაპარაკია სისხლის სამართლებრივ ჯარიმაზე. სასჯელი მარტო ციხეში ჩასმა ხომ არ არის, არსებობს სასჯელის ბევრი სხვა სახე და საკონსტიტუციო სასამართლომ სასჯელის ერთ-ერთ სახეზე – თავისუფლების აღკვეთაზე თქვა, რომ ეს არაკონსტიტუციურია.

 

ადამიანებს, რომლებსაც ბრალი აქვთ წაყენებული 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, ან პირობით არიან გათავისუფლებულები, მათი სისხლის სამართლის საქმეები ავტომატურად შეწყდება?

 

 ვისაც წაყენებული აქვს ეს ბრალი, რა თქმა უნდა, მას ვერავინ ვეღარ დააპატიმრებს; ვისაც წინასწარი პატიმრობა აქვს, ისინი უნდა გაათავისუფლონ. ხოლო რაც შეეხება მსჯავრდებულებს, მათ უნდა მიმართონ სასამართლოს ახლად აღმოჩენილი გარემოებით. სასამართლო იმსჯელებს ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაზე, რამდენად ვრცელდება საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება მათზე და, შესაბამისად, გამოიტანს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას. ამ მუხლით ციხეში ვერავის ვეღარ დატოვებენ.

 

თქვენ იყავით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საჩივრის ავტორი. ხომ არ აპირებთ სასამართლოს მიმართოთ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით?

 

 ჯერჯერობით ველოდებით სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო ფორმას. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ შემდეგ ნაბიჯებზე. ჯერ ჩვენთვის სასამართლოს არგუმენტაცია უცნობია, მხოლოდ შედეგები ვიცით. ეს ცნობილი გახდება ერთ კვირაში, თუმცა რთული იქნება დეკრიმინალიზაციაზე დავა. გაცილებით რთული იქნება იმ დავის მოგება, ვიდრე ამ დავის მოგება იყო.


მასალების გადაბეჭდვის წესი