ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ე.წ. არჩევნები 73 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათგან 71 უბანი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, ორი კი „სამხრეთ ოსეთის საელჩოში მოსკოვში“ და „ჩრდილოეთ ოსეთის საკონსულოში“ არის გახსნილი.
34 „საპარლამენტო დეპუტატს“ მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევენ. ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტიებმა 7%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კანდიდატურა 270-მა ადამიანმა წარადგინა. აქედან 121 პარტიული სიების ნაწილი იყო, ხოლო 149 – თვითმმართველობის კანდიდატი ან პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი ერთმანდატიან ოლქებში.
საბუთების პაკეტის განხილვის შედეგების საფუძველზე, „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ დეპუტატობის კანდიდატად დაარეგისტრირა 112 მაჟორიტარი, 73 კი- პოლიტიკური პარტიიდან საერთო საარჩევნო ოლქში.
12 პოლიტიკური პარტიიდან, რომლებმაც გამოაცხადეს არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 7-ს მიეცა: “ერთობა”, “ხალხის ერთობა”, კომუნისტური პარტია, “ერთიანი ოსეთი”, “სახალხო პარტია”, “ნიხასი” და “ირა ფარნი”.
ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს “ირისტონი ნოგ ფალტარს”(ოსეთის ახალ თაობას), “ირონს”, “ფიდბასტას” (სამშობლო), “განვითარების პარტიას” და “სამართლიანობისთვის”.