ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ე.წ. არჩევნები 73 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათგან 71 უბანი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, ორი ​​კი „სამხრეთ ოსეთის საელჩოში მოსკოვში“ და „ჩრდილოეთ ოსეთის საკონსულოში“ არის გახსნილი.

34 „საპარლამენტო დეპუტატს“ მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევენ. ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტიებმა 7%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კანდიდატურა 270-მა ადამიანმა წარადგინა. აქედან 121 პარტიული სიების ნაწილი იყო, ხოლო 149 – თვითმმართველობის კანდიდატი ან პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი ერთმანდატიან ოლქებში.

საბუთების პაკეტის განხილვის შედეგების საფუძველზე, „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ დეპუტატობის კანდიდატად დაარეგისტრირა 112 მაჟორიტარი, 73 კი- პოლიტიკური პარტიიდან საერთო საარჩევნო ოლქში.

12 პოლიტიკური პარტიიდან, რომლებმაც გამოაცხადეს არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 7-ს მიეცა: “ერთობა”, “ხალხის ერთობა”, კომუნისტური პარტია, “ერთიანი ოსეთი”, “სახალხო პარტია”, “ნიხასი” და “ირა ფარნი”.

ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს “ირისტონი ნოგ ფალტარს”(ოსეთის ახალ თაობას), “ირონს”, “ფიდბასტას” (სამშობლო), “განვითარების პარტიას” და “სამართლიანობისთვის”.