ახალი ამბები

პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს ესაუბრა

23 ოქტომბერი, 2015 •
პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს ესაუბრა
მარგველაშვილმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ იწყებდა კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსთან სამოქალაქო სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
 
 
ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტი ამ დრომდე უმრავლესობის წარმომადგენლებს არ შეხვედრია.

 
ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, 23 ოქტომბერს პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს”, ევრაზიის ფონდის, NIMD-ის, ბიოლის ფონდის, ადენაუერის ფონდის,  NDI-ის, IRI-ის წარმომადგენლები. 
 
 
მათი ცნობითვე, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან პრეზიდენტთან კონსულტაციები პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკებების რეჟიმში დაბრუნების წინაპირობას შექმნის. მისი განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები პრეზიდენტთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის მმართველი პარტია, მზად უნდა იყოს ამგვარი კონსულტაციებისათვის.
 
 

გარდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა, პორეზიდენტი უკვე შეხვდა წამყვანი ქართული ტელევიზიების ხელმძღვანელებს და საინფორმაციო სამსახურების უფროსებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, თითქმის ყველა ტელევიზიის წარმომადგენელი დაესწრო,  შეხვედრის მთავარი თემა მედიაში შექმნილი ვითარება იყო. 

 

ამავე კონსულტაციების ფარგლებში, პრეზიდენტი უკვე შეხვდა “თავისუფალი დემოკრატების”, არასაპარლამენტო ოპოზიციის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მედიის წარმომადგენლებს. 

 

პრეზიდენტის შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ფოტო–პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 23.10.2015
პრეზიდენტის შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ფოტო–პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 23.10.2015


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები. მისივე განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად ისედაც რთულ ვითარებაში მეტი დაძაბულობა შემოიტანა. 


პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებთან, მედიის წარმომადგენლებთან, NGO–ებთან და დიპლომატიურ კორპუსთან კონსულტაციების გამართვის გადაწყვეტილება სწორედ არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი