ნეტგაზეთი | ჩააქრე ძრავი ერთი წუთით ჩააქრე ძრავი ერთი წუთით – Netgazeti
RU | GE  

ჩააქრე ძრავი ერთი წუთით

თბილისის დროთ 15.30 საათზე თბილისში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთი წუთით გაჩერდა. 10 ოქტომბერს საქართველო „10/10/10 Global Work Party“ -კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა. 

თბილისში აქცია ნერგების დარგვით დაიწყო. აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტებმა 350 წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დარგეს. სტუდენტები ნერგებით გარემოს დაცვის სამინისტრომ მოამარაგა.

ნერგების დარგვის შემდეგ სტუდენტებმა ვარდების მოედანზე სიმბოლურად 350 გამოსახეს და ვერის პარკამდე მსვლელობა მოაწყვეს.

სკოლის მოსწავლეებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში შემოქმედებითი თამაში – ,,გარემოს დაცვის 10 დებულება’’ მოაწყვეს. მონაწილეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიები რუკაზე მონიშნეს და 10 გარემოსდაცვითი დებულების გამოცნობაში ერთმანეთს შეეჯიბრნენ.

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ატმოსფეროში CO2-ის ოდენობა  გაიზარდა და 392-ს მიაღწია, მეცნიერების დასკვნით კი, ოდენობა აუცილებლად ოპტიმალურ დონემდე, ანუ 350-მდე, უნდა შემცირდეს. 

საქართველოში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო აქცია 10/10/10 არასამთავრობო ორგანიზაციების: “ჰელფინგ ჰენდის”, სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის, “ახალი თაობის” ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  სამინისტროს, თბილისის მერიის,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (SENN),  კავკასიის რეგიონული ეკოლოგიური ცენტრი და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების მხარდაჭერით გაიმართა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი