ახალი ამბები

ჯაფარიძე: პარასკევს ორ სხვადასხვა მოსამართლესთან ერთდროულად მიბარებენ

4 ივნისი, 2024 •
ჯაფარიძე:  პარასკევს ორ სხვადასხვა მოსამართლესთან ერთდროულად მიბარებენ

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლოში ერთდროულად ორ პროცესზე იბარებენ.

საუბარია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ პარტიის წინააღმდეგ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სასამართლო განხილვებზე, რომლებიც ერთსა და იმავე დღეს, 13:00 საათზე, ორ სხვადასხვა მოსამართლესთან დაინიშნა.

პარტიაში აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო მათ ედავება ბორის ყურუას საერთაშორისო კონფერენციაზე მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციის არმიწოდებას.

„კორუფციასთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ე.წ. ანტიკორუფციული სააგენტო, რეალურად, ჩამოყალიბდა ოპოზიციური პარტიების სადამსჯელო ორგანოდ. მაშინ როდესაც დღემდე არავინ იძლევა პასუხს, საიდან აქვს ღარიბაშვილს ათობით ათასდოლარიანი საათები, საიდან ჩუქნიდა” მას მამამისი ასობით ათას ლარს ყოველ წელს, საიდან „უქირავა“ მამამ სამთავრობო თვითმფრინავი, საიდან იშოვეს მილიონები ფარცხალაძემ და ოცნების სხვა სახეებმა და ა.შ.

ეს ე.წ. ანტიკორუფციული სააგენტო დარბის ჩვენს „ფეისბუკ“ გვერდებზე და იქ დადებული ფოტოების საფუძველზე ითხოვს ფინანსურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ვინ რა ფულით წავიდა თელავში ან ვინ დააფინანსა რომელიმე საერთაშორისო სემინარში მონაწილეობა. ჩვენ ამ მარაზმში მათთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ“, — ამბობს ზურა ჯაფარიძე.

„გირჩი მეტ თავისუფლებაში“ აღნიშნავენ, რომ ზურა ჯაფარიზე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, თავად უნდა დაესწროს ორივე პროცესს, რომლებიც პარალელურ რეჟიმში გაიმართება.

„ნეტგაზეთი“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით ანტიკორუფციულ ბიუროსაც დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი