ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გზა ახალგორიდან თბილისისა და ცხინვალის მიმართულებით

21 ოქტომბერი, 2015 •
გზა ახალგორიდან თბილისისა და ცხინვალის მიმართულებით

ახალგორზე, იმავე ლენინგორზე, როგორც მას ცხინვალში უწოდებენ, თბილისმა კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა. აქედან გაჩნდა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ რეალობაში პირველი სიახლე გამშვები პუნქტის სახით: თავიდან ერთი პატარა მაგიდა იდგა, რომელთანაც მილიციის თანამშრომელი იჯდა და რვეულში ინიშნავდა იმ ადამიანების პირად მონაცემებს, რომლებიც თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

ახალგორი, ოქტომბერი, 2015 წელი, ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ნეტგაზეთი
ახალგორი, ოქტომბერი, 2015 წელი, ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ნეტგაზეთი

 

ახალგორიდან თბილისში მოსახვედრად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა რუსულ საკონტროლო გამშვებ პუნქტში. რეგისტრაციისთვის აუცილებელია გქონდეთ სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი ან საშვი. რუსულ საგუშაგოში რეგისტრაციის გავლის შემდეგ ქართული საგუშაგოა, სადაც საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი პირადობის მოწმობით ხდება გატარება.

 

საშვმა ჩაანაცვლა ე.წ. ფორმა #9 – ეს იყო იმის დამადასტურებელი ცნობა, რომ ადამიანი, რომელიც იყო საქართველოს მოქალაქე, ნამდვილად გახლდათ ახალგორის რაიონის მცხოვრები და თბილისსა და ცხინვალს შორის გადაადგილების უფლება ჰქონდა.

 

ფორმა #9 2014 წლის მაისიდან აღარ მოქმედებს და ის საშვებით ჩანაცვლდა. საშვების მოქმედების ვადა 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. თუკი ფორმა #9-ის შემთხვევაში, ბეჭდით დამოწმებული ხელმოწერით უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი ან მილიციის თანამშრომელი აგრძელებდა ვადას, საშვთან დაკავშირებით ასე არ მომხდარა და დღემდე ვადაგასული საბუთით გადაადგილდება მოსახლეობა.

 

კანონის მიხედვით, საშვის მისაღებად საჭიროა ადგილობრივი უშიშროების სამსახურში წარადგინოთ დაბადების მოწმობის ასლი, ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ (ჩაწერის მიხედვით), 2 ფოტოსურათი, ქვითარი ბანკიდან მოსაკრებლის გადახდის შესახებ. ამის შემდეგ უშიშროების სამსახური რამდენიმე დღეში ან მაქსიმუმ წელიწადნახევარში გასცემს საშვს.  

 

დღეისათვის 4 000-ზე მეტი საშვია გაცემული. რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელმაც უკვე მიმართა უშიშროების სამსახურს საშვის მისაღებად, თავის რიგს ელოდება.

ახალგორი, ოქტომბერი, 2015 წელი, ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ნეტგაზეთი
ახალგორი, ოქტომბერი, 2015 წელი, ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ნეტგაზეთი

 

სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტის მისაღებადაც იგივე დოკუმენტებია საჭირო, რაც საშვისთვის, და ასევე, დამატებით უნდა წარადგინო საშვიც, ამჯერად – მილიციაში. მილიცია ვალდებულია 10 დღის ვადაში გასცეს პასპორტი, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა შეიძლება საერთოდ ვერ მიიღო პასუხი მილიციისგან. თუკი საპასპორტო სამსახური უარს ამბობს პასპორტის გაცემაზე, მაშინ უფლება გაქვს მიმართო სასამართლოს, თუმცა მსგავსი ფაქტის არსებობის შესახებ არაფერი მსმენია.

 

თბილისის მიმართულებით გადაადგილებისას ანალოგიური პროცედურებით ვერ სარგებლობენ ახალგორის რაიონის ე.წ. ოსური ზონის სოფლების (წინაგარა, ორჭოსანი, აბრევი, ზაყორი) მცხოვრებლები. ამის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ 2013 წელს ამ სოფლების მცხოვრებმა 212-მა ადამიანმა ხელი მოაწერა მიმართვას პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის სახელზე, რომელშიც რაიონის მაშინდელი ადმინისტრაციის უფროსი ჯემალ ჯიგკაევი გააკრიტიკეს და მისი გადაყენება მოითხოვეს.

 

მოგვიანებით გაირკვა, რომ ხელმომწერების უმეტესობამ არ იცოდა, თუ რა შინაარსის წერილს მოაწერეს ხელი, რადგან ხელმოწერები ერთ-ერთ სახალხო დღესასწაულზე შეგროვდა. ამის მიუხედავად, დაუყოვნებლივ ამოქმედდა ჯიგკაევის ზეპირი ბრძანება, რომლის მიხედვით, იმ ადამიანებს, ვისაც ჩაწერის ადგილად მითითებული აქვს წინაგარა, ზაყორი, აბრევი და ორჭოსანი, თბილისისკენ გადაადგილება ეკრძალება.

 

სწორედ ჯიგკაევის მმართველობის პერიოდში სოფელ აბრევის მკვიდრი, შუახნის მამაკაცის სასწრაფოდ გადაყვანა გახდა საჭირო თბილისში ავადმყოფობის გამო. ოჯახმა პირადად მიმართა რაიონის ხელმძღვანელს, მაგრამ უშედეგოდ. საქმე ისე გართულდა, ჯანდაცვის მინისტრ გრიგორი კულიჯანოვის ჩარევა გახდა საჭირო და ოჯახს საბოლოოდ დართეს ნება გადაყვანაზე, მაგრამ რამდენიმე საათში ავადმყოფის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ იგი საავადმყოფოს ეზოში შეყვანისთანავე გარდაიცვალა და მიზეზი დაგვიანება აღმოჩნდა.

 

იმის მიუხედავად, რომ დღეს ახალგორს სხვა ხელმძღვანელი ჰყავს, ჯიგკაევის ზემოთ აღნიშნული ბრძანება დღემდე ძალაში რჩება.

 

თბილისიდან ახალგორში მოხვედრა, თუკი პასპორტი ან საშვი არ გაქვს, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ახალგორიდან შესაბამისი მოწვევა არსებობს. მოწვევა მხოლოდ დაკრძალვაზეა შესაძლებელი, ისიც რამდენიმე საათით. დაკრძალვამდე ოჯახის წევრი მიმართავს რაიონულ ადმინისტრაციას მოსაწვევთა სიით, სია არ უნდა აღემატებოდეს 10 ადამიანს. შემდეგ ხდება მათი გდამოწმება და თანხმობის მიღება. ასეთ შემთხვევაში ერთჯერადად არანაირი დოკუმენტი არ გაიცემა, მოწვეული პირი რუსულ საგუშაგოზე წარადგენს რუსულად ნათარგმნ, ნოტარიულად დამოწმებულ პირადობის მოწმობას. ოჯახი ასეთივე თხოვნით და სიით მიმართავს წეროვანის დევნილთა დასახლებაში მოქმედ ახალგორის მუნიციპალიტეტს, რომელიც, თავის მხრივ, გასცემს ცნობას, რომელსაც ქართულ საგუშაგო პოსტზე წარადგენს სტუმარი.

 

საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას მაშინდელი კანდიდატი, ახლა კი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ამომრჩევლებთან შეხვედრისას პირობას დებდა, რომ ახალგორის მოსახლეობას გადაადგილების საკითხებს გაუმარტივებდა, რაც ამ დაპირების გაცემიდან სამი წლისთავზეც შეუსრულებელია.

 

საავტომობილო გზა, რომლითაც ახალგორი ცხინვალს უკავშირდება, აგვისტოს ომის შემდეგ გაიჭრა. მანამდე, სხვების მსგავსად, აქაურებიც ცხინვალში ერგნეთიდან შედიოდნენ.

ცხინვალის ავტოსადგური, ოქტომბერი, 2015 წელი. ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ნეტგაზეთი
ცხინვალის ავტოსადგური, ოქტომბერი, 2015 წელი. ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ნეტგაზეთი

 

თავდაპირველად 87-კილომეტრიანი გზა გაიყვანეს, რომლის დაფარვასაც ახალგორიდან ცხინვალამდე 5 საათი ჭირდებოდა. ომის შემდეგ პირველად 2008 წლის აგვისტოში წავედი ცხინვალში ავტომანქანით, რომელშიც ხუთი მგზავრი ვიჯექით. ცხინვალში შესვლისთანავე ავტოინსპექტორის სასტვენმა გაგვაჩერა: როგორც აღმოჩნდა, მძღოლს ავტომანქანის ქართულ ნომრებზე ოსური ნომრები თვითნებურად ჰქონდა მიკრული და ამის გამო “კაპეზეში” გადაგვიყვანეს, სადაც ერთ პატარა ოთახში აღმოვჩნდით. მგზავრებმა ეგრევე ტელეფონზე დაიწყეს რეკვა დახმარების სათხოვნელად, მე არავის ვიცნობდი და, შესაბამისად, ვერც ვერავის ვთხოვდი დახმარებას, თუმცა მოგვიანებით მეც სხვებთან ერთად გამათავისუფლეს.

 

ამის შემდეგ ცხინვალში ბევრი ადამიანი გავიცანი, იქაურობას დავუახლოვდი და ქალაქის ხშირი სტუმარიც გავხდი. ცხინვალამდე გზა ახლა სრულად გარემონტებულია და 87-ის ნაცვლად 64 კილომეტრამდე შემცირებულიც.

ცხინვალი, ოქტომბერი, 2015 წელი. ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ნეტგაზეთი
ცხინვალი, ოქტომბერი, 2015 წელი. ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ნეტგაზეთი

 

ცხინვალში ახალგორიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირაში ორჯერ დადის. მგზავრობა (ერთი გზა) 200 რუბლი (დაახლოებით 7,60 ლარი) ღირს.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი არაკომფორტულია – ძველი „უაზის“ მარკის ავტობუსია, მაგრამ ხარისხს მძღოლი ავსებს. როგორც მასზე მადლიერების ნიშნად ამბობენ, “გზაში არ დაგტოვებს”: სახლში მოგაკითხავს, ბარგს ჩაალაგებს, დაგელოდება უკანა გზაზე. სადგურში ჩასულს ყავასაც შემოგთავაზებს…

ცხინვალი, ოქტომბერი, 2015 წელი. ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ნეტგაზეთი
ცხინვალი, ოქტომბერი, 2015 წელი. ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ნეტგაზეთი

 

თენგიზი – ასე ჰქვია მას, დაახლობით 65 წლისაა. მე არ მიყვარს სწრაფად მოძრაობა – მხოლოდ ესაა მისი „ნაკლი“: ზუსტად ერთი საათი სჭირდება ცხინვალამდე ჩასასვლელად.

 

დანარჩენ დღეებში, როცა ავტობუსის რეისი არ სრულდება, ტაქსით გვიწევს ცხინვალისკენ წასვლა, რომელიც 2. 000 რუბლი ღირს.

 

მართალია, ცხინვალში შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები) მოძრაობს, მაგრამ მე უფრო ტაქსით გადაადგილებას ვამჯობინებ, რომელიც 70 რუბლი ღირს.

 

ამ ხნის მანძილზე არაერთ ტაქსის მძღოლთან მოვახერხე დამეგობრება. ხსარი ერთ-ერთი მათგანია. მგზავრობისას ძირითადად ორ თემაზე მესაუბრება – იხსენებს იმ პერიოდს, როცა  „ავტოლავკაზე“ მუშაობდა და ცხინვალიდან და ჯავიდან ფოთში და საქართველოს სხვა ქალაქებში გადაჰქონდა ყველი. მეორე თემა ომებია: ერთს გამსახურდიას ომად მოიხსენიებს, მეორეს – სააკაშვილის.

 

3 შვილიდან ერთი 1990-იან წლებში მოუკლეს, მეორე – 2008 წელს, თუმცა ამბობს, რომ ამის გამო ყველა ქართველს ვერ შეიძულებს. მეც და მასაც ურჩევნია, რომ უფრო მეტად „ავტოლავკის“ ამბები მომიყვეს.

ცხინვალი, ოქტომბერი, 2015 წელი. ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ნეტგაზეთი
ცხინვალი, ოქტომბერი, 2015 წელი. ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ნეტგაზეთი

 

ცხინვალში ძირითადად “ჟიგულის” მარკის (05, 06, 07) ტაქსებია. ჩემს რუსულს როცა გაიგონებენ, ტაქსის მძღოლები ეგრევე ხვდებიან, რომ ადგილობრივი არა ვარ და როცა იგებენ, საიდანაც ვარ და თავისუფლად დავდივარ თბილისში, კითხვებს მაყრიან: აუცილებლად პოლიტიკაზე მეკითხებიან და შემდეგ იხსენებენ, თუ რა ხშირად დადიოდნენ ნათესავებთან და საყიდლებზე და როგორი იაფი იყო ყველაფერი; რომ ქართველები და ოსები ძმები იყვნენ და პოლიტიკამ აურია ყველაფერი.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი