ახალი ამბები

კონფესიები: საპატრიარქომ ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელს მცდარი ინტერპრეტაცია მისცა

20 ოქტომბერი, 2015 •
კონფესიები: საპატრიარქომ ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელს მცდარი ინტერპრეტაცია მისცა

რელიგიურმა გაერთიანებებმა საკონსტიტუციო სარჩელის მცდარი ინტერპრეტაციის გამო უზუსტობების გასაფანტავად აუცილებლად მიიჩნიეს განემარტოთ კონსტიტუციური სარჩელის არსი და მიზანი.

 

რელიგიური გაერთიანებები აცხადებენ, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, “ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად … რელიგიისა…“.  სწორედ კონსტიტუციით აღიარებულ ამ პრინციპს ეფუძნება ჩვენი მოთხოვნა – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, დისკრიმინაციის გარეშე, თანაბარ მდგომარეობაში აყენებდეს ყველა რელიგიურ გაერთიანებას.

 

შესაბამისად, აცხადებენ ორგანიზაციები, სარჩელი ითხოვს საგადასახადო კოდექსის კონკრეტული ნორმების (დაკავშირებული დამატებული ღირებულების, მოგების და ქონების გადასახადებთან) არაკონსტიტუციურად ცნობას, რაც მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოიწვევს სადავო ნორმების იმგვარ ფორმულირებას, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციას, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკაფეალური ეკლესიის მსგავსად, შეძლოს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა.

 

“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი სარჩელით არ ვითხოვთ საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების ან მისი რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმება არეგულირებს ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის და მისი შინაარსი არ ზღუდავს სხვა რელიგიურ გაერთიანებებს. შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიისთვის კანონმდებლობით უკვე დადგენილ საგადასახადო პირობებს საფრთხე კი არ შეექმნება, არამედ, შეღავათი,  გავრცელდება თანასწორად ყველა რელიგიურ ჯგუფზე”, – წერია კონფესიების განცხადებაში.

 

8 რელიგიურმა ორგანიზაციამ (ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი, საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია, წმიდა სამების ეკლესია, ქრისტეს ეკლესია) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც მათი შეფასებით, საგადასახადო სფეროში უთანასწორო და დისკრიმინაციულ გარემოს ქმნიან.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეთა წარმომადგენელი ორგანიზაციები არიან: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა.

 

2015 წლის 16 ოქტომბერს, აღნიშნული სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო, რომლის განცხადებაში ნათქვამია: “გაუგებარია რიგი რელიგიური უმცირესობების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, რომელიც მიზნად კი არ ისახავს მათთვის მსგავსი შეღავათების დაშვებას, არამედ ჩვენი ეკლესიისათვის შეღავათების გაუქმებას”.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

მასალების გადაბეჭდვის წესი