“2005 წელს სააკაშვილის ხელისუფლება მართავდა აქტიურ მოლაპარაკებებს გაზპროპმთან ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით და რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები, მე დარწმუნებული ვარ, რომ მილსადენი იქნებოდა გაყიდული. მაშინ აშშ-ის მთავრობამ გარკვეული თანხები გამოყო ამ მილსადენის სარეაბილიტაციოდ და ხელშეკრულებაში კონკრეტულად იქნა ჩაწერილი, რომ საქართველოს მთავრობას ეკრძალება ამ მილსადენის გასხვისება”, – განაცხადა კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
კალაძის თქმით, სააკაშვილს და მის გარემოცვას თავისი ჩანაფიქრი რომ განეხორციელებინათ, დღეს საქართველო პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტის გარეშე იდგებოდა რუსეთის წინაშე და რეგიონში “აუთსაიდერის როლით დავკმაყოფილდებოდით”.
მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში კი არა უკვე ბოლო თვეების დინამიკაში იცვლება რეგიონში მოვლენები, საქართველოს დომინანტი როლი, მომგებიანი გეოპოლიტიკური განლაგება და სამომავლო პერსპექტივები ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია.
ჩვენ ყველამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ განცდა – ისინი ცხოვრობენ პერსპექტიულ, განვითარების გზაზე მყოფ ქვეყანაში, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებში და პოლიტიკის წარმოებაში თავისი არცთუ უმნიშვნელო და ზოგ საკითხებში საკვანძო ადგილი აქვს, ამბობს კალაძე.