ახალი ამბები

საწარმოების ხმაური გაკონტროლდება

5 ოქტომბერი, 2010 • • 1466
საწარმოების ხმაური გაკონტროლდება

გარემოს დაცვის ინსპექტორები, ხმაურის გამზომი ახალი ხელსაწყოების საშუალებით, დასახლებულ პუნქტებთან ახლოს მდებარე საწარმოების ხმაურის გაკონტროლებას შეძლებენ.

,,საქართველოში საწარმოები, ძირითადად, დასახლებულ პუნქტებში მდებარეობს. ამიტომ მოსახლეობა ხშირად მოგვმართავს ხოლმე საჩივრით, რომ მათ საწარმოების ხმაური აწუხებთ’’, – ამბობს ,,ნეტგაზეთთან’’ საუბრისას გარემოს დაცვის გენერალური ინსპექციის ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი ქეთი მუმლაძე.

ხმაურის გამზომი ხელსაწყო, რომელიც გარემოს დაცვის ინსპექციას ახალი პროექტის ,,საქართველოს გარემოს დაცვის ინსპექციის მხარდაჭერა პროფესიონალიზმის ამაღლებაში’’ ფარგლებში გადაეცემათ, სწორედ საწარმოთა ხმაურის გაზომვისათვისაა საჭირო. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2001 წლის ბრძანებით, განსაზღვრულია საწარმოებისთვის ხმაურის დასაშვები მაქსიმუმი.

თუ საწარმოები დასაშვებ მაქსიმუმს გადააჭარბებენ, სპეციალური ხმაურის გამკონტროლებელი ხელსაწყოების დახმარებით, ინსპექტორები ამის გაგებასა და შემდგომში მის აღკვეთას შეძლებენ.

ხმაურის გამზომი ხელსაწყოს გარდა, ინსპექციას გადაეცემა წყლისა და ჰაერის გამზომი მსგავსი ხელსაწყოებიც.

პროექტი ,,საქართველოს გარემოს დაცვის ინსპექციის მხარდაჭერა პროფესიონალიზმის ამაღლებაში’’ ჰოლანდიისა და საქართველოს გარემოს დაცვის ინსპექციებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ნაწილია. მემორანდუმზე ხელმოწერა გარემოს დაცვის სამინისტროში დღეს გაიმართა.

გენერალური ინსპექციის ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლის ქეთი მუმლაძის თქმით, ექსპრეს ლაბორატორიების დახმარებით, დროულად ადგილზე მოხდება ინსპექტირება. მაგალითად, წყლის ან ჰაერის დაბინძურების შემთხვევაში, ინსპექტორები ექსპრეს სინჯებს ადგილზე გააკეთებენ, რისი საშუალებაც მანამდე გარემოს დაცვის ინსპექციას არ ჰქონდა.

ახალი ლაბორატორიული ხელსაწყოებით აღიჭურვება როგორც ცენტრალური ინსპექცია, ასევე – რეგიონები.

მემორანდუმის ფარგლებში პირველ ეტაპზე ჰოლანდიელი სპეციალისტები 14 გარემოს დაცვის ინსპექტორს გადაამზადებენ. გადამზადებული ინსპექტორები 2012 წლიდან თბილისსა და რეგიონებში ყველა ინსპექტორს დაატრეინინგებენ.

მემორანდუმი დაერხმარება საქართველოს გარემოსდაცვით სფეროში არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფაში, გარემოს დაცვის ინსპექციის შასაძლებლობების გაზრდასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში.

,,რაც შეეხება ინსტიტუციონალურ გაძლიერებას, აქ სამინისტრო სხვადასხვა სახის დოკუმენტებს შეიმუშავებს, როგორებიცაა: ინსპექტირების თანამედროვე ინსტრუმენტები, სხვადასხვა სახელმძღვანელო პრინციპები, ინსპექციის სტრატეგია, მართვის გეგმები და მსგავსი დოკუმენტები’’, – ამბობს მუმლაძე.

მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტისათვის 300 000 ევროა გამოყოფილი. პროექტი ორი წელიწადის განმავლობაში გაგრძელდება.

საქართველო ჰოლანდიის გარემოს დაცვის სამინისტროსთან 2008 წლიდან თანამშრომლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი