პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მხარს დაუჭერს იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი მანდატის მეორე ვადით გაგრძელებას გადაწყვეტს. მისი შეფასებით, დღეს ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არის სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტი.
“მე ვთვლი, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, საქართველოს პრეზიდენტი დღეს იცავს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. მე დარწმუნებული ვარ და ვთვლი, რომ მისი მანდატი თუ გაგრძელდება ახალი ვადითაც, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით […]
ჩვენ აუცილებლად მხარს დავუჭერდით იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში მისმა ამ ვადამ მკაფიოდ დაანახა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ევროპული ფასეულობების და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დამცველია”, – თქვა გიორგი გახარიამ და დაამატა, რომ მოლოდინი აქვს, ამას სხვა პარტიებიც დაეთანხმებიან.
დამაზუსტებელ კითხვას, იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მისი კანდიდატი, გახარიამ ასე უპასუხა:
“ამ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ არჩევნების შემდეგ. ჩვენი მხარდაჭერა ექნება ერთმნიშვნელოვნად”.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს “ამოძრავებს კეთილი ზრახვები”, როცა ცდილობს, საზოგადოება გააერთიანოს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დასაცავად. აღსანიშნავია, რომ იმ დროს, როცა გახარია ამის შესახებ საუბრობდა, სალომე ზურაბიშვილს ჯერ კიდევ არ ჰქონდა წარდგენილი “ქართული ქარტია”, რომელიც პროდასავლური პოლიტიკური პარტიებს შესთავაზა.
გახარიას თქმით, პოლიტიკური იდენტობების აღრევა და ფასეულობების გარეშე გაერთიანება მიუღებელია. თუმცა ამბობს, რომ ერთიანობა შეიძლება კონკრეტულ თემებზე – “ევროპული დღის წესრიგი და ევროპული რეფორმების დღის წესრიგი. არანაირი პრობლემა არ არის”.
გახარიას ამ ინტერვიუდან მალევე სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა გეგმა, რომელიც ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა შეასრულონ. პრეზიდენტის თქმით, „ქართულ ქარტიაში“ დასახელებული ნაბიჯები აუცილებელია არა მხოლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.
ამავე თემაზე: