თსუ-ის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა ჯგუფი რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და „ქართულ ოცნებას“ კანონის დაუყოვნებლივ გაწვევისკენ მოუწოდებს.
ამ დროისთვის[16:30 სთ] განცხადებას ხელს აწერს 35 ადამიანი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტის ხელახლა ინიციირება და მიღება მას შემდეგ, რაც მან 2023 წლის გაზაფხულზე გამოიწვია ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი პროტესტი, ხოლო პარლამენტმა და „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიო პოლიტიკური ნება დააფიქსირა მისი გაწვევის შესახებ, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და მნიშვნელოვნად აზიანებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ატმოსფეროს სახელმწიფოში.
განცხადების თანახმდად, ეს დასტურდება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი პროტესტით 2024 წლის გაზაფხულზე, ისევე როგორც სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორების ცალსახა უარყოფითი რეაქციით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნიშანდობლივია, რომ მსგავსი მასშტაბის პროტესტი არ გამოუწვევია არცერთ სხვა საკანონმდებლო ინიციატივას.
„თვალნათელია, რომ აღნიშნული კანონი მნიშვნელოვნად აზიანებს და აფერხებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით და ქართველი ხალხის ნებით.
დაზიანება და შეფერხება დასტურდება წამყვანი ევროპული სახელმწიფოების ლიდერების, ელჩების, მაღალი თანამდებობის პირთა მკაფიო განცხადებებით, ევროპარლამენტის 25 აპრილის რეზოლუციით და ჯერ კიდევ 2023 წელს გამოქვეყნებული ეუთო/ოდირის სამართლებრივი დასკვნით. აღსანიშნავია, რომ მათ არცერთი სხვა კანონის გაწვევა არ მოუთხოვიათ. ასევე საყურადღებოა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას მხარს უჭერს პარლამენტართა 88%.
უნგრეთში ანალოგიური ტიპის 2015 წელს მიღებული კანონის ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ გაუქმება ასევე ცხადყოფს, რომ ასეთი სახის მიდგომა აშკარად ეწინააღმდეგება ევროკავშირის დამფუძნებელ შეთანხმებებს და პრინციპებს. ამიტომ მისი არსებობა ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებთან.
იმავეს ადასტურებს 21 მაისს გამოქვეყნებული „ვენეციის კომისიის“ დასკვნა, რომელიც ამომწურავად და კომპეტენტურად აანალიზებს აღნიშნულ კანონს, მის მიმართებას საერთო ევროპულ კანონმდებლობასთან და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასთან და მკაფიოდ მიუთითებს მის შესაძლო დამანგრეველ შედეგებზე. ვენეციის კომისიის მტკიცე და ცალსახა რეკომენდაციაა კანონის გაწვევა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, აღნიშნული კანონი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სიჯანსაღეს, არასამთავრობო და მედია სექტორის მოქმედების თავისუფლებას.
„კანონი, კერძოდ კი მისი მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ჩამოთვლის იმ პირთა წრეს რომელზეც ვრცელდება კანონი, და მე-8 მუხლი, რომელიც მონიტორინგის განხორციელების წინაპირობებს განსაზღვრავს პირდაპირ უქმნის საფრთხეს ისეთ დელიკატურ და საკვანძო სფეროებში მომუშავე ორგანიზაციებს, როგორებიცაა საგამოძიებო ჟურნალისტიკა, წამების მსხვერპლთა უფლებების დაცვა, ადამიანის უფლებების დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ.
იმავეს ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის 18 მაისის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც კონსტიტუციით გამყარებული ისეთი ძირითადი პრინციპების დარღვევაზე მიუთითებს, როგორიცაა თანასწორობის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, გაერთიანების თავისუფლება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება.
კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტაცია, ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის მოხმობით მოცემულია როგორც ეუთო/ოდირის დასკვნაში, ისე ვენეციის კომისიის დასკვნაში. ამ დასკვნებში მოტანილი არგუმენტების უგულებელყოფა დამღუპველია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თსუ-ის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა ჯგუფის განცხადება სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.